სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი განცხადებას ავრცელებენ
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი განცხადებას ავრცელებენ

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი განცხადებას ავრცელებენ. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყებები მოუწოდებენ ყველას, „თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის“.

„27 სექტემბერს არცახის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელიც უპრეცედენტო იყო, მასში ჩართული ძალებისა და შეიარაღების ტიპების კუთხით. ეს უპრეცედენტო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენი არმია ფაქტობრივად ებრძოდა არა მხოლოდ 10 მილიონიან აზერბაიჯანს, არამედ თურქეთს, რომელიც არაპირდაპირ იყო ჩართული საომარ პროცესებში და აზერბაიჯანს პოლიტიკურ, სამხედრო და დიპლომატიურ თანადგომას უცხადებდა. ასევე, ვიბრძოდით რამდენიმე ათასი დაქირავებული ტერორისტის წინააღმდეგაც.

ჩვენმა არმიამ ამ პირობებშიც გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და არ შეეძლო, რათა წინააღმდეგობა გაეწია მოწინააღმდეგისთვის. სომხეთის არმიის თითოეულმა ჯარისკაცმა, ოფიცერმა და გენერალმა მაქსიმუმი გააკეთა სამშობლოს დასაცავად. ამ ომმა წაგვართვა საუკეთესო შვილები, რომელთა ხსოვნაც სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.

ყოველი თქვენგანი დარწმუნებული უნდა იყოს და მცირედი ეჭვიც არ უნდა გაჩნდეს, რომ ჩვენმა არმიამ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და არ შეეძლო.

მაგრამ დადგა დრო, რომ შეგვეწყვიტა სისხლისღვრა. სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მივიდა შეთანხმებამდე, რომლის შინაარსიც უკვე იცით. ომი სრულად არ დასრულებულა და არცახში საომარი მოქმედებები გრძელდება. ჩვენ ვიცავთ და ვალდებული ვართ, შევასრულოთ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები. ჩვენ ვალდებული ვართ, ვიპოვოთ ჩვენი გმირების ყველა ცხედარი. ომი მთავრდება, არმიამ თავისი საქმე გააკეთა და აგრძელებს ამის კეთებას თავდაუზოგავად.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც სახელმწიფოებრიობას ძირს გამოუთხრის“, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“. ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.

უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს.