სომხეთში რამდენიმე სოფლის აზერბაიჯანისთვის შესაძლო გადაცემას აპროტესტებენ
სომხეთში რამდენიმე სოფლის აზერბაიჯანისთვის შესაძლო გადაცემას აპროტესტებენ

სომხეთის მოქალაქეების ნაწილმა სომხეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი გზის კირანც-ვოსკეპარის მონაკვეთი გადაკეტა. სომხური მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ არა მარტო სოფლების, კირანცისა და ვოსკეპარის, არამედ ბევრი სხვა საზღვრისპირა სოფლის მცხოვრებლებიც, რომლებიც კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ იქნებიან, თუ რვა სოფლის აზერბაიჯანისთვის გადაცემის გეგმა განხორციელდება.

სომხური მედია წერს, რომ საუბარია პირველ ეტაპზე ოთხ არაანკლავურ, შემდეგ კი ოთხ ანკლავურ სოფელზე. სომხური მედიის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანელი სამხედროები სომხური სოფლებიდან, ფაქტობრივად, რამდენიმე მეტრში აღმოჩნდებიან, კონკრეტულად კირანცის შემთხვევაში – თითქმის თავად სოფელში.

სომხური მედიის ინფორმაციით, გეგმის განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფოთაშორისი გზის მონაკვეთები, რასაც ახლა მოსახლეობა ბლოკავს, გაზსადენი, სტრატეგიული სიმაღლეები და საკომუნიკაციო საშუალებები აზერბაიჯანს გადაეცემა. გავრცელებული ცნობით, 21 აპრილს სოფლის მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, რომ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ცდილობდა ტერიტორიის გასუფთავებას ჯარების გაყვანისთვის.

შეგახსენებთ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეათანხმეს, სად გაივლის მათი საზღვარი. როგორც ცნობილია, განახლებული საზღვარი საბჭოთა კავშირის დაშლის დროს არსებულ საზღვრებს შეესაბამება. მედიის ცნობით, ბაქო და ერევანი ასევე შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში გაიყვანონ სამხედროები აღნიშნული მონაკვეთებიდან და იქ სასაზღვრო სამსახური განათავსონ; გარდა ამისა, შეათანხმონ რიგითობა საზღვრის დანარჩენ მონაკვეთებზე დელიმიტაციის პროცესის გასაგრძელებლად.