ნიკოლ ფაშინიანი - სხვა გამოსავალი არ მქონდა
ნიკოლ ფაშინიანი - სხვა გამოსავალი არ მქონდა

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებისა და ერევანში მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას სოციალური ქსელით მიმართა.

ფესიბუქლაივის დროს ფაშინიანმა განაცხადა, რომ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

„გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამხედრო სიტუაციის ანალიზის საფუძველზე და იმ ხალხის შეფასების საფუძველზე, რომლებიც ყველაზე კარგად იცნობენ სამხედრო სიტუაციას. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი არმია იბრძოდა ტერორისტების წინააღმდეგ, ნატო-ს მეორე არმიისა და აზერბაიჯანის არმიის წინააღდეგ. ხელმოწერის გარდა, სხვა გამოსავალი არ იყო. ახლა ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე. ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ არ დავაყენო ბევრი ადამიანის სიცოცხლე. ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს სამხედრო მოქმედებებზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია წერს, „ნატო-ს არმიაზე“ საუბრისას ფაშინიანი თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მხარდაჭერაზე მიუთითებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“. შეთანხმებას ბაქოს ქუჩებში ზეიმი მოჰყვა. უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს.