ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სამი ქვეყნის ლიდერს შორის გაფორმებული შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ალიევმა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდგომ რუსული და თურქული სამშვიდობო მისიის განლაგების შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ის, რომ დღეს სამი ქვეყნის ხელმძღვანელმა ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამ კონფლიქტის დარეგულირებაში რუსეთის ფედერაციის განსაკუთრებულ როლზე მეტყველებს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ფედერაციის როლი რეგიონში შემდგომ მოქმედებებში, მათ შორის, კონფლიქტის შედეგების დაძლევასა და აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზაციის საკითხში მნიშვნელოვანი იქნება. აქვე მინდა, მადლიერება გამოვხატო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ მის მიერ კონფლიქტის დარეგულირების პროცესში შესრულებული როლისთვის. დღევანდელი განცხადების ერთ-ერთ პუნქტს რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს. ამრიგად, ჩვენ ურთიერთქმედების ახალ ფორმატს ვქმნით რეგიონში არა მხოლოდ კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, არამედ სამომავლო განვითარებისთვისაც, რადგანაც შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვა წარმოადგენს, რაც რეგიონის ყველა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. ამიტომაც, დღეს სიხარულით, სიამაყით ვაწერ ხელს ამ დოკუმენტს და მინდა, აზერბაიჯანის მთელ მოსახლეობას მივულოცო ეს ისტორიული მოვლენა“, – განაცხადა ალიევმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს.