სომხეთის პრეზიდენტი - ახალგაზრდების ხმა უნდა შევისმინოთ, მათ აზრს პატივი უნდა ვცეთ
სომხეთის პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება. პრეზიდენტმა მიმართვაში განსაკუთრებული ყურადღება იმ ახალგაზრდებზე გაამახვილა, რომლებიც რამდენიმე დღეა ერევნის ქუჩებში მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან.
„ახალგაზრდები ჩვენი ხვალინდელი დღეა. მომავალი ჯარისკაცები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. უდავოდ, მათი ხმა უნდა შევისმინოთ და მათ აზრს პატივი უნდა ვცეთ“,- აცხადებს არმენ სარგსიანი.
სომხეთის პრეზიდენტის თქმით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი დიალოგია – ნებისმიერ ფორმატში. სარგსიანის თქმით, აუცილებელია, მხარეებმა ერთმანეთს პატივი სცენ.
სარგსიანი პოლიტიკური კონსულტაციების საწარმოებლად ჯგუფის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის, მანამდე კი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, თავშეკავება გამოიჩინონ.