სომხეთის პრეზიდენტი - სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას, თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, ორი ძმური ხალხის მეგობრული ურთიერთობები უფრო მყარდება
სომხეთის პრეზიდენტი - სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას, თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, ორი ძმური ხალხის მეგობრული ურთიერთობები უფრო მყარდება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის განცხადებით, სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას.

როგორც ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციზე განაცხადა, მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა მოწმობს, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მეტად გაფართოების ორმხრივად აღებული ვალდებულებები სრულდება.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ღრმად პატივცემულ ქალბატონ ზურაბიშვილს თბილი დახვედრისა და პროდუქტიული განხილვებისთვის. მოხარული ვარ, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტი მეზობელ სტუმართმოყვარე ქვეყანაში განვახორციელო. ეს წელი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნებისთვის, ის საიუბილეოა და ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი სრულდება. მართალია, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მხოლოდ 30 წლისაა, მაგრამ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას ათასწლეულების ისტორია აქვს. სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას.

კმაყოფილებით მინდა, აღვნიშნო, რომ მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და იდენტურ ფასეულობებზე დამყარებული ორი ძმური ხალხის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები, თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, უფრო მყარდება და შემდგომი ურთიერთობისთვის უფრო ძლიერ საფუძველს ქმნის. მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა მოწმობს, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მეტად გაფართოების ორმხრივად აღებული ვალდებულებები სრულდება.

სომხურ-ქართულ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროგრამაში ეწოდება განსაკუთრებულად კეთილმეზობლური ურთიერთობები და ასეთ კვალიფიკაციას განაპირობებს უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრების პერიოდულობა, ასევე უწყებათაშორისი კონტაქტები არის ხშირი, იზრდება თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ეს ყველაფერი ეფუძნება სრულ ურთიერთნდობას.

დღეს მე და ქალბატონმა პრეზიდენტმა მოკლე პერიოდში განვიხილეთ უამრავი საკითხი – ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები, ჰუმანიტარული საკითხები. კერძოდ, განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, მაგალითად სპარსეთის ყურე, შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი.

კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი აღებული ვალდებულება, შევინარჩუნოთ არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების მაღალი დონე და ვისაუბრეთ მაღალტექნოლოგიების სფეროში ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ჩვენი ქვეყნებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება და რეგიონშიც ეს წარმატების საშუალებას მოგვცემს. ასევე, საჭიროა, ყველამ თავისი გამოცდილება გაუზიაროს მეზობელ სახელმწიფოს. ვფიქრობ, ჩვენი არჩეული სხვადასხვა გზა მოგვცემს შესაძლებლობას, გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები, ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, რეგიონულ საკითხებზე. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მსგავს საკითხებში, რეგიონულ და მშვიდობის საკითხებში ყველაფერი ეფუძნება ქართულ-სომხურ მეგობრობას. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ყველა წამოწყებას“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.