„სოლიდარობის ფონდმა“ ლეიკემიით დაავადებულ ბენეფიციარებს სააღდგომოდ საჩუქრები გადასცა
„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა” ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა. ფონდის ხელმძღვანელი, ია მაქაცარია და თანამშრომლები მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.
კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში ლეიკემიის დიაგნოზით ფონდის 30-მდე ბენეფიციარი მკურნალობს. ამ შემთხვევაში, ფონდი სახელმწიფო რესურსების მიღმა დარჩენილ ხარჯებს აფინანსებს.
ფონდმა ონკო-ჰემატოლოგიური განყოფილების ბიბლიოთეკას გამომცემლობა „პალიტრა L”-ის წიგნები გადასცა. ბენეფიციარებისთვის ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები კი, სოციალურმა საწარმომ – „კოდალა“ დაამზადა. ბავშვებს დღესასწაული სააღდგომო ტკბილეულით და სათამაშოებით ფონდის პარტნიორმა „ვისოლ ჯგუფმა“ მიულოცა.
სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22-წლამდე 500-ზე მეტი ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.