მამუკა ბახტაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალ წელს „სოლიდარობის ფონდი“ კიდევ უფრო გაზრდილი ბიუჯეტით შეხვდეს
მამუკა ბახტაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალ წელს „სოლიდარობის ფონდი“ კიდევ უფრო გაზრდილი ბიუჯეტით შეხვდეს

ჩემი შეხედულებით, სოციალური სოლიდარობის დონე აჩვენებს სახელმწიფოს და საზოგადოების სიძლიერეს. სოციალური სოლიდარობა ზოგადად, არის სწორედ ის მუხტი, რომელიც ყოველთვის შეგძენს დადებით ემოციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „სოლიდარობის ფონდის“ საქველმოქმედო ღონისძიებაზე განაცხადა.

ბახტაძის თქმით, წლების განმავლობაში ფონდმა ბევრი ადამიანის გადარჩენა შეძლო. პრემიერმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ. უკვე ოთხი წელია რაც „სოლიდარობის ფონდი“ ფუნქციონირებს და ფონდმა მართლაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია ამ წლების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ შედეგებიც კარგი გვაქვს. ფონდმა შეძლო ის, რომ გადაარჩინა ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე. სიცოცხლეზე მაღლა არაფერი არ დგას.

მინდა, დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, დიზაინერებს გადავუხადო მადლობა. თითოეული ასეთი დღე გვაძლევს საშუალებას, რომ სოციალური სოლიდარობის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ საქართველოში.

მინდა მივმართო ყველა ორგანიზაციას, მათ შორის კერძო სექტორს, უფრო უნდა ვიაქტიუროთ, რადგან სიკეთე არის გადამდები და ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება მეტი სიკეთე ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალ წელს „სოლიდარობის ფონდი“ კიდევ უფრო გაზრდილი ბიუჯეტით შეხვდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„სოლიდარობის ფონდმა“ საქველმოქმედო საღამო გამართა. ღონისძიების მიზანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თანხების მობილიზება და საზოგადოებისთვის ქველმოქმედების მნიშვნელობის შეხსენებაა.