„სოლიდარობის ფონდი" ტექნოპარკში საქველმოქმედო აუქციონს მართავს
„სოლიდარობის ფონდი" ტექნოპარკში საქველმოქმედო აუქციონს მართავს

სოლიდარობის ფონდი ტექნოპარკში საქველმოქმედო აუქციონს მართავს. ონკოლოგიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დ 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად ხელოვანები გაერთიანდნენ.

აუქციონზე 36 ლოტია წარმოდგენილი. აქედან 27 ნამუშევარი ისეთ ცნობილ მხატვრებს ეკუთვნით, როგორებიც არიან რუსუდან ფეტვიაშვილი, გია გუგუშვილი, თენგიზ მირზაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, გია ბუღაძე და სხვა ხელოვანები.

საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდება გურამ დოჩანაშვილის ხელნაწერი, ვერიკო ანჯაფარიძის ყელსაბამი, ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის დაფა, ნინო ანანიაშვილის პუანტები, ზაზა ფაჩულიას მაისური ხელმოწერით და მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურთი ავტოგრაფით.

საქველმოქმედო საღამოზე „სოლიდარობის ფონდი” გამოავლენს იმ კომპანიებს, რომლებმაც ონკოლოგიური დაავადების მონე ბავშვების და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად 2018 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი დონაცია განახორციელეს.

როგორც „სოლიდარობის ფონდის” ხელმძღვანელმა, ია მაქაცარიამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, დღეს მხარდაჭერას კიდევ უფრო ბევრი კომპანიისგან ელიან. „საქველმოქმედო აქცია ონკოლოფიური დაავადებების მქონე ბავავებს და 22 წლამდე აზალგაზრდების მკურნალობას მოხმარდება. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. წლების მანძილზე ბევრი კომპანია გვედგა გვერდში, თუმცა დღეს კიდევ ბევრი შემოგვიერთდება”, – განაცხადა ია მაქაცარიამ.

საქველმოქმედო საღამოზე ექიმ-ნუტრიციოლოგს, პირველი არხის გადაცემის „პირადი ექიმის“ ავტორსა და წამყვანს მარი მალაზონიას და რეჟისორ ბასა ფოცხიშვილს სოლიდარობის ელჩის სტატუსი მიენიჭათ.

შეგახსენებთ, „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. ფონდის ანგარიშის თანახმად, ამოქმედებიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით, ფონდის მიერ საერთო ჯამში 13 160 393 ლარი იქნა მობილიზებული. ეს ქვეყნის მასშტაბით 482 საჯარო უწყებაში დასაქმებულ თანამშრომლებსა და 74 ორგანიზაციასთან, მათ შორის 58 კერძო კომპანიასთან პარტნიორობის შედეგია.

ფონდმა სიმსივნით დაავადებული 504 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება შეძლო. 213 ბავშვსა და ახალგაზრდას საქართველოში დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაუფინანსდა. 292 შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების დაფინანსება დამტკიცდა როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ავსტრიის, ისრაელის, იტალიის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების კლინიკებში.

დატოვე კომენტარი