„სოლიდარობის ფონდმა“ ლეიკემიით დაავადებულ ბენეფიციარებს სააღდგომოდ საჩუქრები გადასცა

11:50, 07.04.2018

„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა”  ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა. ფონდის ხელმძღვანელი, ია მაქაცარია და თანამშრომლები მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.

კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში ლეიკემიის დიაგნოზით ფონდის 30-მდე ბენეფიციარი მკურნალობს. ამ შემთხვევაში, ფონდი სახელმწიფო რესურსების მიღმა დარჩენილ ხარჯებს აფინანსებს.

ფონდმა ონკო-ჰემატოლოგიური განყოფილების ბიბლიოთეკას გამომცემლობა „პალიტრა L”-ის წიგნები გადასცა. ბენეფიციარებისთვის ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები კი, სოციალურმა საწარმომ – „კოდალა“ დაამზადა. ბავშვებს დღესასწაული სააღდგომო ტკბილეულით და სათამაშოებით ფონდის პარტნიორმა „ვისოლ ჯგუფმა“ მიულოცა.

სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22-წლამდე 500-ზე მეტი ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.

მსგავსი