სოფო ქაცარავა - საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის პარლამენტში მოსმენის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა საპარლამენტო ფორმატში საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის მოსმენის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.
როგორც საქართველს პირველ არხს სოფო ქაცარავამ განუცხადა, დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიას მუშაობის საშუალება მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს და პროვოკაციული ნაბიჯი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიდგას, რადგან ეს კომისიის მუშაობისთვის დამაზიანებელი იქნება.
მისი თქმით, კომისია აქტიურად მუშაობს, როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული მხრიდან.
„რამდენიმე კვირის წინ, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ვიყავი, სადაც იგივე სულისკვეთება იყო, ორ ქვეყანას შორის არანაირი საკითხი არ არსებობს, რომელიც არ გადაწყდება და არ უნდა გადაწყდეს კეთილმეზობლური სულისკვეთების გარეშე. ეს არის მათი და ჩვენი განწყობა“, – აღნიშნავს ქაცარავა.
კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა კომისიის მხრიდან ინფორმაციის წარდგენა საპარლამენტო ფორმატში, ქაცარავა პასუხობს, რომ საგარეო უწყება, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში ჩართულია, საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად ახდენს.
„პარლამენტი იმით გამოირჩევა, რომ მოსმენების თვალსაზრისით გამჭვირვალეა. საგარეო უწყების მხრიდან დეტალურ ინფორმაციას ეტაპობრივად ვიღებთ. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე დამატებითი შრეები და დამატებითი მოსმენა საზოგადოებას რაღაც განსაკუთრებულ ინფორმაციას მიაწვდის. ჩვენი ამოცანაა, კომისიის მუშაობა კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდეს. პროვოკაციული ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას, რადგან ეს პროცესებს აზიანებს. ამ ეტაპზე კომისიის მოსმენის საჭიროებას ვერ ვხედავ, მაგრამ იმის საჭიროებას უფრო ვხედავ, რომ პროვოკაციული ნაბიჯებისა და განცხადებების გაკეთებისგან ყველამ თავი შეიკავოს“, – დასძინა ქაცარავამ.
დავით გარეჯთან დაკავშირებით ექსპერტების პირველი შეხვედრა 19-23 აგვისტოს გაიმართება.