დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავით გარეჯის თემაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ აზერბაიჯანული მხარე ინფორმირებული იყო
დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავით გარეჯის თემაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ აზერბაიჯანული მხარე ინფორმირებული იყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დავით გარეჯის თემაზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შესახებ აზერბაიჯანული მხარე ინფორმირებული იყო და ამ საკითხზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან მისი საქართველოში ვიზიტის დროსაც ისაუბრა.

„ამის შესახებ იყო საუბარი ჩემს კოლეგასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მე მოზომილი და ფრთხილი განცხადება შეგნებულად გავაკეთე. ეს გამომდინარეობდა იქიდან, რომ ეს არის უაღრესად დელიკატური და ფაქიზი საკითხი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში უაღრესად მნიშვნელოვანია. წელს განახლებული კომისიის რამდენიმე შეხვედრა უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიამ არ მოგვცა ამის საშუალება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია მუშაობა, რათა მოგვეპოვებინა ახალი მასალები. როდესაც ახალი კომისია შეიკრიბა, ჩვენ ვიხილეთ და გავაანალიზეთ, თუ რა მასალებზე დაყდნობით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. აღმოჩნდა, რომ საქართველოს პოზიციები გარკვეულწილად იყო შესუსტებული, ვინაიდან მაქსიმალურად ეფექტიანად არ გვქონდა გამოყენებული ყველა ის შესაძლო კარტოგრაფიული მასალა თუ დასკვნა. ჩვენ მოვიპოვეთ ეს მასალები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს არის კარტოგრაფიული რუკები თუ საერთაშორისო, ადგილობრივი ექსპერტების დასკვნები. სწორედ ამან მოგვცა იმის თქმის საფუძველი, რომ სრულფასოვნად არ იყო გამოყენებული ჩვენი პოზიციების გამამყარებელი მასალები, რომ ის შეთანხმებები, რომლებიც იქნა მიღწეული 2006-2007 წლებში, გადახედილიყო. მე და ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგას ამაზე გვქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი“, – განცხადა დავით ზალკალიანმა.

ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანისახელმწიფოებრივი უწოდა ოპოზიციის ზოგიერითი წარმომადგენლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პროკურატურაში გარეჯის თემაზე გამოძიების დაწყება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის ესკალაციას უკავშირდებოდა. დავით ზალკალიანმა განმარტა, რომ საკითხი, მათ შორის, ელმარ მამედიაროვის ვიზიტის დროსაც, მანამდე შეთანხმდა, ვიდრე კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციას ექნებოდა ადგილი.

„ეს იყო დღეები, როდესაც საერთოდ არ იყო დაწყებული ესკალაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის რეგიონში. რა გააკეთეს ჩვენმა ოპონენტებმა? გააკეთეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და მიაბეს ეს საკითხი დაპირისპირებას, რომელიც შემდგომ განვითარდა. წამოვიდა დეზინფორმაციის ნიაღვარი და შეტევა პირადად ჩემი მისამართით. ამას არ დავუშვებთ, ვინაიდან ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ, რომელიც კომისიას მუშაობის საშუალებას მისცემს. კომისიის ფარგლებში მოხდება ახალი მასალების განხილვა, რომლითაც გამყარდება ჩვენი პოზიციები და დარწმუნებული ვართ, მივაღწევთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მისაღები იქნება აზერბაიჯანისთვისაც და ჩვენთვისაც, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ელმარ მამედიაროვი თბილისს 24 ოქტომბერს სტუმრობდა. მაშინ დავით ზალკალიანმა და ელმარ მამედიაროვმა დავით გარეჯის შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზეც ისაუბრეს. მანამდე კი მინისტრებმა ეს საკითხი დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე განიხილეს