ანრი ოხანაშვილი - იქნებ, ოპოზიცია გონს მოეგოს და მიხვდნენ, რა განცხადებებს აკეთებენ დავით გარეჯის საქმეზე, ამ თემით სპეკულირება დაუშვებელია
ანრი ოხანაშვილი - იქნებ, ოპოზიცია გონს მოეგოს და მიხვდნენ, რა განცხადებებს აკეთებენ დავით გარეჯის საქმეზე, ამ თემით სპეკულირება დაუშვებელია

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავით გარეჯის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ გადავზარდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დავით გარეჯის საქმეზე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპონენტების მხრიდან „წარმოუდგენელი რამ ხდება“.

„წარმოუდგენელი რამ ხდება, როდესაც საკუთარი სამშობლოს და ეროვნული ინტერესების დაცვაზე პოლიტიკური ჯგუფები გვედავებიან, რაში უნდა ეწეროს ეს, ვერ ვხვდები. არათუ პოლიტიზირებას ახდენენ, აქეთ ხდება შედავება, როგორ გაბედა ხელისუფლებამ და პროკურატურამ და როგორ დასვეს საკითხი, რომ უნდა დაიცვან ეროვნული ინტერესი. წარმოუდგენელია, რომ ასე არ გაინტერესებდეს საკუთარი ქვეყნისა და ტერიტორიების ბედი ან თუ გაინტერესებს და განზრახ აკეთებ, ეს კიდევ უარესი. ასე რომ, იქნებ, მოეგოს ეს ხალხი გონს და მიხვდნენ, რა განცხადებებს აკეთებენ, ამ თემით სპეკულირება დაუშვებელია, მით უმეტეს იმ რთულ ფონზე, რაც მეზობელ სახელმწიფოებში ხდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ გადავზარდოთ – ჩვენ არაფერი გვაქვს შესადავებელი აზერბაიჯანის მხარესთან, მათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. პირიქით, შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ჩვენსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართა, მოხდა დიპლომატიურ ენაზე შეთანხმება, კონკრეტული ინფორმაციის და მასალის გადაცემა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ კეთილმეზობლურად, მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განვიხილავთ ამ საკითხს ისე, რომ ჩვენს მეგობრობას, მჭიდრო თანამშრომლობას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.