საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მორიგი რაუნდი თბილისში წლის დასაწყისში გაიმართება
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მორიგი რაუნდი თბილისში წლის დასაწყისში გაიმართება

სასულიერო პირებს აქვთ საშუალება, თავისუფლად გადაადგილდნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ყველა ტერიტორიაზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარიძემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბ პატარიძემ აღნიშნა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მორიგი რაუნდი თბილისში, წლის დასაწყისში არის დაგეგმილი.

„თქვენ იცით, ახლახანს ჩატარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში. მიღწეულია შეთანხმება, რომ ეტაპობრივად აღდგეს სტატუსკვო. პირველ რიგში, სასულიერო პირებს აქვთ საშუალება, თავისუფლად გადაადგილდნენ სამონასტრო კომპლექსის ყველა ტერიტორიაზე. დაგეგმილია, მომდევნო წლის დასაწყისში ჩატარდეს მორიგი კომისია დელიმიტაცია-დემარკაციის თავალსაზრისით.

ვფიქრობ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ამ პრობლემის დროულად გადაჭრას. აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ეს საკითხიც გადაწყდება ისე, როგორც ორ მეგობარ ქვეყანას შეეფერება და შესაბამისად იქნება შესაბამისი ძვრები“, – განაცხადა ზურაბ პატარიძემ.

როგორც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა განაცხადა, ამჟამად მთავარი ამოცანაა სტატუსკვოს დაბრუნება.

„თქვენ იცით, რომ წელს ივნისში ჩატარდა დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია ბაქოში და შეთანხმდნენ, რომ ექსპერტები ადგილზე გაეცნობიან ვითარებას, ჩატარდება აზომვითი და სხვა სახის სამუშაოები იმისთვის, რომ კომისიას მიეცეთ საშუალება, განაგრძონ მუშაობა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. დღეს აღინიშნა, რომ აუცილებლად ჩატარდება კომისიის მორიგი რაუნდი თბილისში, სადაც მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

რაც იყო მიღწეული შეთანხმება მიდის გეგმა გრაფიკის მიხედვით, შესაბამისად, ნუ დავასწრებთ მოვლენებს. პირველ რიგში უნდა ჩატარდეს კომისიის მორიგი სხდომა. არის მთელი საკითხები, რომელიც უკვე გაიარა კომისიებმა, ექსპერტმა. არის შესაბამისი დასკვნები. კომისიის ფარგლებში იქნება მსჯელობა. სტატუსკვოს აღდგენაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განიხილება. მთავარი ჩვენი ამოცანა სტატუსკვოს დაბრუნებაა და შესაბამისად ამ რეჯიმში გავაგრძელოთ მუშაობას“, – განაცხადა ზურაბ პატარიძემ.