სალომე ზურაბიშვილი - საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს
სალომე ზურაბიშვილი - საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს

საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან დღეს გამართულ შეხვედრაზე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს განიხილა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რა დროსაც პრეზიდენტები პროცესის დროულად დასრულების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

„საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოთქვა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მზად არის, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების საკითხები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

დატოვე კომენტარი