სოფო კილაძე - პარტიის შექმნის უფლება საქართველოში კონსტიტუციითაა გარანტირებული, თუმცა პარტიების სიძლიერე ხალხის მხარდაჭერით იზომება
პოლიტიკური პარტიის შექმნის უფლება ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციით არის გარანტირებული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, სოფო კილაძემ განაცხადა დამოუკიდებელი დეპუტატების, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და გედევან ფოფხაძის მიერ ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მომავალი აჩვენებს, როგორი მხარდაჭერა ექნება ახალ პარტიას.
„ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციით არის გარანტირებული პოლიტიკური პარტიის შექმნის უფლება. თუ გადაწყვიტეს, ეს მათი უფლებაა. თუმცა რა მხარდაჭერა ექნება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ყველა პოლიტიკური პარტიის სიძლიერე იზომება იმით, თუ როგორ უჭერს მხარს ხალხი. ამიტომ სჯობს, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მხარდაჭერა ექნებათ მათ ხალხში“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ამასთან, მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შორის „ქართული ოცნება“ უპირობო ლიდერია.
„მგონია, რომ „ქართული ოცნება“, ეს ერთი კვირის წინანდელმა არჩევნებმაც აჩვენა, უპირობო ლიდერია პოლიტიკურ პარტიებს შორის. თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით და კიდევ უკეთესად მუშაობას და ვეცდებით, ძირითადი პრობლემები, რაც აწუხებს ხალხს, მოვაგვაროთ და აღმოვფხვრათ, „ქართულო ოცნება“ დარჩება ლიდერი პარტია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ ახალი პარტია „სამართლიანობისთვის“ შექმნეს. პარტია 20 ივნისს დაფუძნდება.