ოპოზიციის ქმედებები არის უკიდურესად არადემოკრატიული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ გუეჯაანში, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ გუშინ ოპოზიციის მხრიდან სერიოზული პროვოკაციები დაინახა.
„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ის, რაც გუშინ ვნახეთ, შეიცავდა სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, ამაზე უნდა ჰქონდეს რეაგირება სახელმწიფოს. არ არის ინდულგენცია რომელიმე პარტიის წევრობა ან დეპუტატობა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა მოეთხოვოს პასუხი. პოლიტიკური პარტიის წევრობა, „წამებულის მანტია“ არ უნდა იყოს ინდულგენციის საგანი. რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, ეს არის უკიდურესად არადემოკრატიული. სიტყვის თავისუფლება, შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია, მაგრამ გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო სერიოზული პროვოკაციები“, – განაცხადა კილაძემ.
თელავში გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი გზის გახსნას და თელავისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ალტერნატიული გზა ყვარლის გავლით რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც მომიტინგეებმა უარი განაცხადეს.
სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის ავტობუსს ქვები დაუშინა. ინაუგურაციის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა თბილისში პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც კარვები გაშალეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად იქნება გაანალიზებული.