სოფო კილაძე - ბანკები საბავშვო ანაბართან დაკავშირებით ხელოვნური ბარიერების შექმნას ცდილობენ და კანონი ფარად მოჰყავთ
სოფო კილაძე - ბანკები საბავშვო ანაბართან დაკავშირებით ხელოვნური ბარიერების შექმნას ცდილობენ და კანონი ფარად მოჰყავთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, კომერციული ბანკები ბავშვის ანაბართან დაკავშირებით ხელოვნური ბარიერების შექმნას ცდილობენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს კილაძემ განუცხადა, პარლამენტს კანონში ანაბრებთან დაკავშირებით რეგულაციები არ ჩაუწერია და არ შეიძლება, ბანკმა ბოროტად გამოიყენოს კეთილშობილური ჩანაწერი, რომელიც უწყებამ ბავშვების დაცვის მიზნით შეიმუშავა.

„მგონია, რომ ბანკების ნაწილი სიტუაციას იყენებს. ის, რაც რეალურად, „სამოქალაქო კოდექსში“ შავით თეთრზე წერია, ბანკები თავის სასარგებლოდ იყენებენ და ჩანაწერის ინტერპრირებას ახდენენ. არ შეიძლება, იურისტს მოძრავი ან უძრავი ნივთი მოთხოვნის უფლებაში აგერიოს. ამ შემთხვევაში, სწორედ მოთხოვნის უფლებასთან გვაქვს საქმე. პირი, რომელიც ანაბარს ბავშვის სასარგებლოდ გახსნის, მას მოთხოვნის უფლება უჩნდება სწორედ იმ თანხაზე, რომელიც ბანკში შეიტანა. ამ თანხის კუპიურებზე საკუთრება ბანკს აქვს. უბრალოდ, მეანაბრეს მოთხვოვნის უფლება აქვს, გაიტანოს ეს ფული. მოთხოვნის უფლებაზე კოდექსი პირდაპირ ამბობს, რომ რეგულაცია არ ვრცელდება“, – განაცხადა კილაძემ.

დეპუტატს მიაჩნია, რომ ბანკები ცდილობენ, კანონის ჩანაწერი ბოროტად გამოიყენონ, თითქოს, ბავშვის უფლებაზე ზრუნავენ.

„სინამდვილეში, ყველამ ვიცით, რომ პანდემიის გამო ხალხმა ბანკებიდან თანხა გამოიტანა, ეკონომიკური აქტივობის შენელების გამო ისეთი ბრუნვაც აღარ არის. ამიტომ მგონია, რომ ხელოვნური ბარიერების შექმნას ცდილობენ. მგონია, რომ ბანკების ნაწილი საკუთარ პირად ინტერესებს ამჯობინებს და კანონი ფარად მოჰყავთ, თითქოს, ამას კანონი ეუბნება. კანონის ინიციატორები ვამბობთ, რომ მსგავს რეგულაციებს კანონი არ ითვალისწინებს. ვისურვებდი, რომ ბანკები მოქალაქეებზე, მათ შორის ბავშვებზე ზრუნავდნენ. სამწუხაროდ, მომხმარებელთა უფლებები ხშირად ირღვევა. ვისურვებდი, რომ თავის მოვალეობებს ასრულებდნენ და არა -გამოგონილს“, – აცხადებს დეპუტატი.

კილაძე აღნიშნავს, რომ საკითხზე კომუნიკაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ჰქონდა.

„ეროვნულ ბანკთან არაერთი კომუნიკაცია მქონდა. ყველა ბანკს ჰქონდა სამართლებრივი განმარტება, რატომ არ უნდა იყოს მათი ინტერპრეტაციით კანონი განმარტებული. ალბათ, სახელმწიფოს იძულების მექანიზმი ეროვნულ ბანკს შეიძლება ჰქონდეს, რადგან თავისი რეგულაციები აქვს. სავარაუდოდ, ამ საკითხზე კომენტარს თავად გააკეთებს, მაგრამ მეორე გზა არის სასამართლო“, – დასძინა კილაძემ.