სოფო კილაძე - ბანკებმა კანონის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს და საბავშვო ანაბარი უძრავ ან მოძრავ ქონებასთან გააიგივეს
სოფო კილაძე - ბანკებმა კანონის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს და საბავშვო ანაბარი უძრავ ან მოძრავ ქონებასთან გააიგივეს

ძალიან სამწუხაროა საბავშვო ანაბართან დაკავშირებით „სამოქალაქო კოდექსის“ ცვლილების არასწორი ინტერპრეტირება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბანკებმა კანონის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს და საბავშვო ანაბარი უძრავ ან მოძრავ ქონებასთან გააიგივეს.

კილაძის განცხადებით, მსგავსი ჩანაწერი არც „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ და არც „სამოქალაქო კოდექსში“ არ არის.

კომიტეტის თავმჯდომარემ ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს ბანკებთან კომუნიკაციის თხოვნით მიმართა.

„გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და ამ ღონისძიებამ გამოაჩინა, რომ ჩვენი ბავშვების დაცვის უდიდეს საქმეში ჩვენი დასავლელი პარტნიორები – აშშ, ევროკავშირი, იუნისეფი, გერმანია, დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი, რომელსაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე, სწორედ ჩვენ გვერდით არიან. მათი დიდი ძალისხმევით მოვახერხეთ მოსამზადებელი ეტაპის განხორციელება, იმპლემენტაციის ეტაპის განხორციელება და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რეფორმა ერთ ადგილზე არ გაიყინოს და ყოველ წელს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე დავამატოთ ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის.

ძალიან სამწუხაროა ბავშვის უფლებათა კოდექსიდან გამომდინარე სამოქალაქო კოდექსის ცვლილების არასწორი ინტერპრეტირება საბავშვო ანაბართან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროდ, ბანკებმა არასწორი ინტერპრეტირება მოახდინეს და საბავშვო ანაბარი, მოთხოვნის უფლება გააიგივეს უძრავ ან მოძრავ ქონებასთან. ასეთი ჩანაწერი არც „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ და არც „სამოქალაქო კოდექსში“ არ არსებობს. ეს არის უბრალოდ მოთხოვნის უფლება და ეს უფლება არ არის მოცული იმ სამოქალაქო ნორმებში, რაზედაც ახდენენ აპელირებას. ამიტომ ბანკების მხრიდან ყველა საბავშვო ანაბრიდან თანხის დაკავება და „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ ან „სამოქალაქო კოდექსზე“ აპელირება იქნება არაკანონიერი . ეროვნულ ბანკს ოფიციალურადაც მივმართე და ბანკებთან კომუნიკაცია ვთხოვე. მე მგონი მოქალაქეებს ამ კუთხით პრობლემა არ უნდა შეექმნათ“, – განაცხადა კილაძემ.

ამასთან, როგორც კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუკი რომელიმე ბანკი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საფუძველზე ბავშვის ანაბრის გატანის უფლებას არ გასცემს, ეს კანონდარღვევა იქნება.

„არ ვიცი, ბანკებს ასეთი სამართლებრივი ნონსესი ვინ ურჩია და რომელმა იურისტმა აიღო თავის თავზე ისეთი უაზრობის გაკეთება, რომ ანაბრის მოთხოვნის უფლება მოძრავ ან უძრავ ნივთად გაესაღებინათ. მოთხოვნის უფლება არის უფლება, რომელიც „სამოქალაქო სამართლის კოდექსში“ პირდაპირ არის მითითებული. უძრავი ქონება და მოძრავი ნივთები კი, ცალკე არის გამოყოფილი. ეს სამი ერთმანეთისგან განსხვავებული კატეგორიაა. პირდაპირ გეუბნებით, თუ რომელიმე ბანკი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საფუძველზე ბავშვის ანაბრის გატანაზე უარს გეტყვით, ეს არაკანონიერი ქმედება იქნება“, – განაცხადა კილაძემ.

დატოვე კომენტარი