სოფო კილაძე - მიხეილ სააკაშვილის კლიპის შემხედვარე, ვიფიქრე, როგორც ყორანი არ გათეთრდება და კუდი ძაღლისა არ განემართება, ისე დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედნი ვერ გამოსწორდებიან
სოფო კილაძე - მიხეილ სააკაშვილის კლიპის შემხედვარე, ვიფიქრე, როგორც ყორანი არ გათეთრდება და კუდი ძაღლისა არ განემართება, ისე დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედნი ვერ გამოსწორდებიან

მიხეილ სააკაშვილის კლიპის შემხედვარე, ვიფიქრე, როგორც ყორანი არ გათეთრდება და როგორც კუდი ძაღლისა არ განემართება, ისე ძალადობრივი და დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედნი ვერ გამოსწორდებიან და ვერ ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, უმძიმეს დანაშაულებებს რომ შეცდომის დონეზე ჩამოაქვეითებ, დადებითი რეაქციების ნაცვლად, უარყოფითი მოჰყვება.

„ხალხს მუდმივად ჰქონდა განცდა, რომ ძალადობრივმა რეჟიმმა ბოდიშიც კი არ მოიხადა იმ სისასტიკეების გამო, რომელშიც აცხოვრებდა ჩვენს მოქალაქეებს და დაახლოებით, თვენახევრის წინ, ქალბატონ სამადაშვილს ვეუბნებოდი, ბოდიში მაინც მოიხადეთ იმ უბედურებების გამო, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს დამართეთ-თქო, ეტყობა ჭკუაში დაუჯდათ და ჩვენ ვნახეთ ბატონი სააკაშვილის კლიპი, სადაც ის ამბობდა ბოდიშს მძიმე შეცდომებისთვის და აანონსებდა ჩამოსვლასაც საქართველოში. უბრალოდ, ერთი რამ ვერ გათვალეს, უმძიმეს დანაშაულებებს რომ შეცდომის დონეზე ჩამოაქვეითებ, ამას ხალხში დადებითი კი არა, უფრო უარყოფითი რეაქციები მოჰყვება და ძალიან სამართლიანად. ამ კლიპის შემხედვარე, ვიფიქრე, რომ როგორც ყორანი არ გათეთრდება და როგორც კუდი ძაღლისა არ განემართება, ისე ძალადობრივი და დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედები, მაღალი, თუ დაბალი რგოლი ვერ გამოსწორდება და ვერ ჩადგება ქვეყნის სამსახურში. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ გვყავს ოპოზიციის ასეთი ნაწილი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას ვერასდროს გაუწევს ხელისუფლებას, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა სწორედ ადამიანის უფლებების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებით და აგრძელებს ამ რეფორმას“, – განაცხადა კილაძემ.