გიორგი გახარია - დიდი ბოდიში და მადლობა თითოეულ პოლიციელს, ვპირდები მათ, რომ ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად იქნება გაანალიზებული
გიორგი გახარია - დიდი ბოდიში და მადლობა თითოეულ პოლიციელს, ვპირდები მათ, რომ ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად იქნება გაანალიზებული

პოლიციამ დღეს სრულად გამოიყენა თმენის ის ვალდებულება, რომელიც გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, შესაბამისი პასუხი ყველას მოეთხოვება.

„დღეს დილიდან აბსოლუტურად მკაფიოდ იყო განსაზღვრული მარშრუტები, ვინ საიდან და როგორ მოძრაობდა. მოგეხსენებათ, ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება დიდი რაოდენობით სტუმრებით და დღეს განსაზღვრული იყო სპეციალური მარშრუტები, რათა ეს ყველაფერი ყოფილიყო წყნარ და მშვიდ გარემოში, როგორც ეს ყველაფერი ახლა თელავშია და არა ისე, როგორც ველისციხის მიდამოებში ხდება.

გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის სრულად თავისუფალი და ამას ვადასტურებთ. დღეს იმ პარალელური, ე.წ აქციის პირობებში, მინდა, დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს. ვპირდები მათ, დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელებული იყო სხვადასხვა წერტილში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებული. იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, პასუხი ყველას მოეთხოვება. ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. დღეს საღამოდან გაანალიზდება თითოეული ქმედება და მოქნეული ხელი თითოეული დაზარალებული პოლიციელის, მოქალაქის მიმართ.

ნიკანორ მელიას დავპირდი, როდესაც მსგავს საქციელს ექნებოდა ადგილი, როგორც წინა შემთხვევაში, შედეგი იქნებოდა იგივე. თუ ნიკანორ მელიას საქციელში სამართლებრივი შემადგენლობაა, შედეგი იქნება იგივე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.