სოფო კილაძე აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს შეხვდა
სოფო კილაძე აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებსა და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილვის საგანი აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები იყო. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის, თეონა ბაკურაძის თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანია, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების განხილვა მოხდეს. მისი მოსაზრებით, ადგილი აქვს სარედაქციო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს.

„ეს არ არის გარკვეულ ადამიანებსა და მენეჯმენტს შორის შრომითი დავა. ეს უფრო მეტია და ცხადად გამოჩნდა იმ თვალსაზრისითაც, რომ ყველა ადამიანი, ვინც გიორგი კოხრეიძემ რედაქციას ჩამოაშორა, იძულებით გაათავისუფლა, გადაიყვანა ან მისი ფუნქციები დააკნინა, საკვანძო ფიგურა იყო რედაქციაში. კომიტეტს პრობლემის არსი გავაცანით. კერძოდ, ქრონოლოგიურად რა და როგორ განვითარდა. ვთქვით ის, რატომ ვფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა. ვნახოთ, კომიტეტი რა ნაბიჯებს გადადგამს. ეს არ არის მხოლოდ აჭარის ტელევიზიის პრობლემა, ეს არის დემოკრატიის უკან დახევა და თუ ეს პროცესი არ გაჩერდება, მედიათავისუფლების ინდექსში საქართველო უკან დაიხევს“, – განაცხადა თეონა ბაკურიძემ.

შეხვედრის შემდეგ, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს გარკვეული წუხილი აქვთ და მას ინფორმაცია მიაწოდეს, რომ გაფიცვას გეგმავენ.

„ბუნებრივია, მედიის თავისუფლებას, განსაკუთრებით საარჩევნო წელს, მნიშვნელოვანი ყურადღება ენიჭება. საქართველოში მედიათავისუფლება მაღალ ხარისხშია აყვანილი და ამას მედიამრავალფეროვნება ადასტურებს. ამ პროცესს თვალყურს მივადევნებთ. მეორე მხარე არ მოგვისმენია, ვისაც პრეტენზიებს უყენებენ და მნიშვნელოვანია, მათი პოზიციის მოსმენაც. პარლამენტი მის ხელთ არსებულ მექანიზმებს გამოიყენებს, რომ ტელევიზიაში სიტუაცია დამშვიდდეს და კალაპოტში ჩადგეს“, – განაცხადა კილაძემ.

ამ წუთებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები ხდებიან.