სოფო გორგოძე - ბოლო ორ-სამ წელიწადთან შედარებით, წელს სწავლის გაგრძელების უფლება ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ბოლო ორ-სამ წელიწადთან შედარებით, წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
მისივე თქმით, წელს აბიტურიენტების საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო.
გორგოძის განცხადებით, სტუდენტის სტატუსი 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა მიიღო.
„სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა. სად გააგრძელებენ სწავლას და რა რაოდენობის გრანტი მიიღეს, ინფორმაცია ამის შესახებ დღეს 12:00 საათზე online.naec.ge-ზე გამოქვეყნდა. სულ სახელმწიფოს აბიტურიენტებისთვის დაფინანსების მიზნით გამოყოფილი აქვს 12 მილიონზე მეტი. წელს საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო აბიტურიენტების, 41 000-ზე მეტი, შესაბამისად, ჩარიცხულებიც გვყავს ყველაზე დიდი რაოდენობის ბოლო 2-3 წელიწადში. როგორც წესი, 28-29 000 იყო ხოლმე ჩარიცხული, წელს გვყავს 32 100-ზე მეტი ჩარიცხული. ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ. გრანტთან დაკავშირებით რადიკალური ცვლილება არ არის. 8 000 არის ისეთი, რომელიც გამოეთიშა კონკურსს, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ზღვარი გადალახული ჰქონდათ ყველა საგანში, თუმცა იმის გამო, რომ არ აირჩიეს საკმარისი რაოდენობის პროგრამები, ან აირჩიეს ისეთი პროგრამები, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, გამოეთიშნენ კონკურსს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
როგორც სოფო გორგოძემ განაცხადა, ქართული ენის პროგრამაზე 1 300-ზე მეტი გამოსაცდელი ჩაირიცხა.
„აქ არიან როგორც სომხურენოვანი, ასევე აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტები და ასევე გვყავს შვიდი ოსურენოვანი აბიტურიენტი, რომელმაც მოიპოვა სრული დაფინანსება. ეს ნიშნავს, რომ ქართული ენის მომზადების პროგრამაზე ირიცხებიან ის აბიტურიენტები, რომლებიც აზერბაიჯანულ, სომხურ ან ოსურ ენაზე აბარებენ მხოლოდ ერთ გამოცდას და ისინი იწყებენ ქართული ენის სწავლას ერთი წლის განმავლობაში, შემდეგ ირიცხებიან სასურველ პროგრამაზე. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო პროგრამებზე კი, ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი აბიტურიენტი“, – აღნიშნა გორგოძემ.
ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს სტუდენტებს, იმ კვირაში დაუკავშირდნენ უნივერსიტეტებს ხელშეკრულების გასაფორმებლად, რადგან სხვა შემთხვევაში ისინი ჩარიცხულად არ ჩაითვლებიან.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდა.