ათენში განათლების კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მსვლელობისას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

ათენში განათლების კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მსვლელობისას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.

ბერძენმა სტუდენტებმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, საპასუხოდ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

ათასობით სტუდენტი კვირების განმავლობაში აპროტესტებს განათლების ახალ რეფორმას, რომელიც, მათი თქმით, გააუფასურებს საჯარო უნივერსიტეტების ხარისხს და უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს ქვეყანაში ფილიალების შექმნის საშუალებას მისცემს.

დღეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, რის შემდეგაც მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება.

„პარლამენტს არა მხოლოდ მოვუწოდებ, კენჭი უყაროს მნიშვნელოვან კანონპროექტს, არამედ დაამტკიცოს რადიკალური და გაბედული განათლების რეფორმა ზრდისა და სოციალური სამართლიანობისთვის“, – განაცხადა მიცოტაკისმა.

როგორც საბერძნეთის ხელისუფლებაში განმარტეს, ბევრი ოჯახი აგზავნის შვილებს საზღვარგარეთ სასწავლებლად, თუ ამის საშუალება აქვთ და ახალგაზრდები სწავლის დასრულების შემდეგ ხშირად რჩებიან საზღვარგარეთ, საბერძნეთის მთავრობა კი იბრძვის, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ განათლება საკუთარ ქვეყანაში და სწავლის დამთავრების შემდეგ საკუთარ ქვეყანაში დაიწყონ სამსახური.