პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა შესაძლოა, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლორა თორნტონს შეხვდეს.
როგორც ჟურნალისტებს ქაცარავამ განუცხადა, თორნტონის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მასთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ჰქონია, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა.
დეპუტატის თქმით, მისთვის უცნობია, თორნტონის განცხადების კონტექსტი რა იყო.
„საინტერესოა, თორნტონმა თავის კომენტარში რა იგულისხმა. განცხადებას არ ვიზიარებ, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო საზოგადოების რუკაზე არ არის. ამის დასტურია ორ ქვეყანას შორის ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული იყო 2017 წელს საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტი, რა დროსაც მან საქართველოსთან მიმართებაში უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები გააჟღერა. ეს დასტურია იმისა, საქართველოს აშშ-სთან რამდენად მჭიდრო ურთიერთობა აქვს. არ ვიცი, NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა რა კონტექსტში ისაუბრა”, – განაცხადა ქაცარავამ.
ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის. აღნიშნული განცხადების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის ხელმძღვანელისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს.