სოფიო ქაცარავა - გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების ეტაპი იწყება
სოფიო ქაცარავა - გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების ეტაპი იწყება

„გლობალური ბრიტანეთი იმედს აძლევს რუსეთის ჩრდილქვეშ მყოფ ქვეყნებს“ – ამ სათაურით წამყვანი ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი” გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას სტატიას აქვეყნებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივაზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით, აღნიშნულ პერსპექტივას ბრექსიტი კიდევ უფრო რეალურს ხდის.

როგორც საქართველოს ელჩი აღნიშნავს, „ბრექსიტი გაერთიანებული სამეფოს შესაძლებლობას აძლევს, დასავლეთის წამყვან სახელმწიფოდ წარმოჩინდეს და მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები მთელი მსოფლიოს მასშტაბით”.

სოფიო ქაცარავა წერს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელსაც გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოსთან ბრექსიტის შემდგომ მოაწერა ხელი, სწორედ აღნიშნული კავშირების გაფართოებას ემსახურება და ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას საერთო სტრატეგიული ინტერესები აერთიანებს.

„ორივე ქვეყნის მთავრობა კარგად აცნობიერებს ძლიერი ნატო-სა და მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირის მნიშვნელობას, როდესაც საქმე შეეხება დემოკრატიის, თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის დაცვას“, – წერს ქაცარავა.

ამ კონტექსტში, საქართველოს ელჩი რუსული აგრესიაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ მეზობელი ქვეყნებით, კერძოდ, საქართველოთი არ შემოიფარგლება და მისი კვალი სოლსბერისა და ლონდონის ქუჩებში მომხდარ მკვლელობებამდეც მიდის. ამასთან, სოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთს  საქართველოს წინააღმდეგ რუსული კიბერთავდასხმის გამოძიებაში თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლებში გადადგმული ბევრი პროგრესული ნაბიჯი გაერთიანებული სამეფოსა და სხვა მეგობარი ქვეყნების წარმატებული პოლიტიკის გაზიარების  შედეგია.

„ბრიტანეთის ძლიერი და ანგარიშვალდებული საპარლამენტო დემოკრატია, თავისუფალ ვაჭრობასა და დაბეგვრის სამართლიან სისტემასთან ერთად,  შთაგონების წყარო იყო ბევრი ჩვენი პოლიტიკური ლიდერისთვის, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში გარდაქმნების განხორციელებისთის იღწვოდნენ“, – წერს საქართველოს ელჩი.

მისი თქმით, საქართველომ შეძლო სიღარიბის განახევრება, კორუფციის შემცირება და დემოკრატიის განსამტკიცებლად საარჩევნო რეფორმების გატარება. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით, საქართველო მე-12 ადგილზეა და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ და ევროკავშირის 23 წევრი სახელმწიფო. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული დროული და ეფექტიანი ზომების  შედეგად, საქართველო  წარმატებით უმკლავდება ახალი კორონავირუსის პანდემიასაც და ის სამაგალითო ქვეყნებს შორისაა.

სოფიო ქაცარავას თქმით, დღეს ორივე ქვეყანა საერთო გამოწვევის წინაშე დგას – რაც შეიძლება სწრაფად დაამარცხოს პანდემია და გზა გაუხსნას ეკონომიკურ ზრდას, თანამშრომლობასა და ღია ვაჭრობას.

„უმნიშვნელოვანესია, რომ როგორც მოკავშირეებმა, ჩვენ ერთად ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის ასამუშავებლად“, – წერს სოფიო ქაცარავა და დასძენს, რომ „ისეთმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, კარგად იცის, თუ რას ნიშნავს „გლობალური ბრიტანეთი“, რომელიც სხვებისთვის შეიძლება, ბევრჯერ მოსმენილი სლოგანია: საქართველოსა და მსგავსი ქვეყნებისთვის, ამას რეალური მნიშვნელობა გააჩნია. ეს არის ბრიტანეთსა და საქართველოს ურთიერთობაში ახალი თავის დასაწყისი“,  – წერს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი.

სტატიის ქართულ თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.