საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში ოქსფორდის უნივერსიტეტს ეწვია
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში ოქსფორდის უნივერსიტეტს ეწვია

საპარლამენტო დელეგაციასა და ელჩს, სოფიო ქაცარავას უმასპინძლეს ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა რიჩარდ ოვენდენმა და აღმოსავლეთ მცოდნეობის განყოფილების უფროსმა, ჯილიან ევისონმა.

ვიზიტის დროს დელეგაციამ დაათვალიერა უორდროპების ქართული წიგნებისა და ხელნაწერების კოლექცია. ასევე, შეხვედრა გაიმართა ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართული პროგრამის ხელმძღვანელთან კრისტოფერ გერისთან, რომელსაც ესწრებოდნენ ქართველი მკვლევარები, სტუდენტები და უცხოელ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ქართულ ენას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.