სოფიო კილაძე - საოკუპაციო თუ დე ფაქტო რეჟიმების განცხადებები ჩვენთვის საზომი და განმსაზღვრელი არ უნდა იყოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან“ დაკავშირებით საოკუპაციო და დე ფაქტო რეჟიმების განცხადებები ქართული მხარისთვის საზომი არ უნდა იყოს.
პირველ არხთან საუბარში სოფო კილაძე „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან“ დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო ვალდებულია, საკუთარი მოქალაქეები დაიცვას.
„რა განცხადებას გააკეთებენ საოკუპაციო თუ დე ფაქტო რეჟიმები, ეს ჩვენთვის საზომი და განმსაზღვრელი არ უნდა იყოს. ჩვენთვის მთავარია, ყველა ნაბიჯი გადავდგათ, რომ ჩვენი მოქალაქეები დაცული იყვნენ. მათ შორის, პრევენციული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად, მათი გვერდით დგომის იმედი გვაქვს. ყველა ფორუმსა და გამოსვლაზე ოკუპაცია დაგმობილია და ამ თვალსაზისით, ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით დგანან”, – განაცხადა დეპუტატმა.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ევროკავშირის წარმომადგენელთან, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ტოივო კლაართან შეხვედრაზე დევნილთა დაბრუნების თემაზე გაერო-ში მიღებული რეზოლუციისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხები დააყენა. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ინიციატივები ამწვავებს თბილისის ურთიერთობებს სოხუმთან და ცხინვალთან.