ანრი ოხანაშვილი და სოფიო კილაძე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდებიან
ანრი ოხანაშვილი და სოფიო კილაძე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდებიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირის) წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მთავარი საკითხი, რომელზე მხარეები ისაუბრებენ, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებია. ეუთო/ოდირის ექსპერტი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ქართულ მხარეს საკუთარ დასკვნებს წარმოუდგენს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გაიზიარა.

„ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის პრინციპული რეკომენდაცია, რისი გათვალისწინებაც შეიძლებოდა საქართველოს კონსტიტუციაზე და საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით. შედეგად, ჩვენ მივიღეთ დახვეწილი მოდელი სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ვენეციის კომისიის, ეუთო-ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მადლობა ყველა იმ სუბიექტს, ვინც მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა.

ჩვენ მივიღეთ ძალიან კარგი დოკუმენტი, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ახლა ეს პროცესი უნდა გადავიტანოთ უკვე პრაქტიკულ რეალიზებაზე, მივცეთ შესაძლებლობა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმართოს ეს პროცესი და შემდგომ უკვე ჩვენ უზრუნველვყოთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ საქართველოს პარლამენტში ამ პროცესის წარმართვა”,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.