სოფიო კილაძე - პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც ვერ დაალაგა სიტუაცია
სოფიო კილაძე - პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც ვერ დაალაგა სიტუაცია

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თავისი არასწორი ნაბიჯებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი იქამდე მიიყვანა, რომ ფაქტობრივად, მასში არც ერთი დაინტერესებული მხარე აღარ არის ჩართული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, სოფიო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე გონივრული იქნებოდა ამ პროცესის ფართო, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით წარმართვა.

„ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად უმრავლესობა, ამის მზაობა თავიდანვე გვქონდა, ასევე არასამთავრობო სექტორი და მართლმსაჯულების მიმართულებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუმცა, როგორც ვხედავთ, პრეზიდენტმა თავისი არასწორი ნაბიჯებით ეს პროცესი მიიყვანა იქამდე, რომ დღეს ფაქტობრივად, არც ერთი დაინტერესებული მხარე აღარ არის ჩართული“, – განაცხადა კილაძემ.

მისი თქმით, უმრავლესობა პროცესში ჩართვისთვის მზად იყო, თუმცა პრეზიდენტმა ეს თავად დაბლოკა.

„მზად ვიყავით თავიდანვე პროცესში ჩართვისთვის, თუმცა პრეზიდენტმა თვითონვე დაბლოკა ეს პროცესი იმით, რომ ჩვენს მიერ დაფიქსირებულ პოზიციას უწოდეს კინკლაობა და, როდესაც თავიდანვე ასეთი განწყობაა, იქ საბოლოო ნაყოფიერ შედეგზე ვერანაირად ვერ იქნება საუბარი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დავლოდებოდით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, თუმცა აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტმა სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც ვერ დაალაგა სიტუაცია და ფაქტობრივად, ეს დაინტერესებული მხარე, საბოლოო ჯამში, პროცესს მიღმა აღმოჩნდა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ თუ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს წარადგენს, ის არ იქნება მხარდაჭერილი ფართო ჩართულობით და პროცესს გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი არ ექნება, რაც დემოკრატიისთვის დამაზიანებელია.

როგორც სოფიო კილაძემ აღნიშნა, უმრავლესობა ნებისმიერ შემთხვევაში იმსჯელებს წარდგენილ კანდიდატზე.

დეპუტატის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი რეპუტაცია, იყოს პროფესიონალი და მისაღები ძირითადი დაინტერესებული მხარეებისთვის.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტის მიერ გადადგმულმა არაკონსტრუქციულმა ნაბიჯებმა პროცესი იქამდე მიიყვანა, რომ ფაქტობრივად, ყველა დაინტერესებული მხარე ჩამოშორებულია ამ პროცესს და არ ვფიქრობ, რომ ეს კარგია“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა  მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციების შეჯამების მიზნით კი, გუშინ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, რომ დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.