პარლამენტში ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ
პარლამენტში ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ. ცვლილებებით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დამცავი ორდერის გაცემისას მოძალადისთვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა სავალდებულო გახდება. ამავე კანონპროექტით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ სამართლებრივ დავებზე სასამართლოში სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლდება.

„ჩვენი უპირველესი მიზანია, რომ განვავითაროთ პრევენციული მიმართულება, რათა ოჯახში ძალადობის შემთხვევები თავიდანვე აღვკვეთოთ, ანუ ჩავყაროთ ისეთი საფუძველი, რომ ასეთი შემთხვევები შემცირდეს. ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ციხეში, პირიქით ჩვენი მიზანია, საზოგადოების განვითარება იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მოხდეს ასეთი შემთხვევები. ვიცით, ოჯახური ძალადობა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და წარმოქმნის ძალიან ბევრ სხვადასხვა პრობლემას – ოჯახური ძალდობის მსხვერპლი ბავშვები, რომლებიც ყველაფერს ხედავენ, შემდგომში თვითონ არიან ძალიან მოწყვლადები და დგანან რისკის წინაშე, რომ თვითონ გახდნენ მოძალადეები ან კიდევ ჰქონდე სწავლაში ჩამორჩენა. ფაქტობრივად, მთელი ჯაჭვი არის სოციალური პრობლემებისა, რაც შემდგომ საზოგადოების განვითარებას აფერხებს“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.