სოფიო კილაძე - რამდენიმე წელიწადში ბავშვთა უფლებების დაცვის სერიოზული ბერკეტები გვექნება
სოფიო კილაძე - რამდენიმე წელიწადში ბავშვთა უფლებების დაცვის სერიოზული ბერკეტები გვექნება

რამდენიმე წელიწადში, ბავშვის უფლებების რეალიზების, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სერიოზული ბერკეტები გვექნება, – განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„4 თებერვალს, UNICEF-თან ერთად, Radisson-ში პრეზენტაციას ვაწყობთ, რომელიც „ბავშვის კოდექსს“ ეძღვნება. ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელზეც ვფიქრობ, საზოგადოებას უფრო მეტი უნდა ვესაუბროთ, რადგან ეს არის ბავშვის დაცვის, ბავშვზე ზრუნვისა და პირველ რიგში, ბავშვის უფლებების რეალიზების საფუძველი, რომელსაც შემდეგ უკვე სერიოზული ძალისხმევა სჭირდება იმპლემენტაციის, ანუ ცხოვრებაში განხორციელებისთვის“, – განაცხადა კილაძემ.

მისი თქმით, სისტემა ვერც ერთ სახელმწიფოში ვერ იქნება ისე აწყობილი, რომ ტრაგედია არ მოხდეს და ამისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული, თუმცა როგორც სოფო კილაძე ამბობს, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. 

როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ მხრივ სახელმწიფოს ძალიან ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი.

„პირველ რეფორმას შეგახსენებთ. ეს არის სოციალური მუშაკის რეფორმა, რომელიც მე პირადად დავიწყე 2017 წელს და ეს პროცესი 2018 წელს დავასრულეთ. მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც საფუძველი და დასაწყისია იმ დიდი რეფორმის, რომელიც განხორციელდება და 2025 წლისთვის დასრულდება. ეს არ არის მხოლოდ რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები. ეს მთელი სოციალური სამუშაოს საფუძვლიანი რეფორმაა“, – განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, 2021 წლისთვის რეფორმის პირველი ეტაპი სრულად ამუშავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური მუშაკების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ორი წლის განმავლობაში მათი გადამზადება მოხდება.

„ასევე სისტემაში შემოვლენ ახალი სოციალური მუშაკები, რომლებიც ასევე კვალიფიციური იქნებიან. ჩვენ მათ კვალიფიკაციაზეც ვიზრუნებთ. პარალელურად, ვგეგმავთ საუნივერსიტეტო განათლების მხარდაჭერას და ამის კვალდაკვალ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებს, ასევე სხვადასხვა უწყებას შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრებით შევავსებთ“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.