სოფიო კილაძე - სახალხო დამცველი ახლავე შემიძლია მოვიწვიო, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტზე კონკრეტული ნაბიჯები გავიაროთ
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი ჩვენი მხრიდან კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის ნაბიჯია,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განაცხადა. დეპუტატი კანონპროექტზე სახალხო დამცველის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.
კილაძე ნინო ლომჯარიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს სთავაზობს, პირველ მოსმენამდე ერთად გაიარონ საკითხები, რაც სახალხო დამცველს კანონპროექტში პრობლემურად მიაჩნია.
„მე სამწუხაროდ, არ მომეცა საშუალება სახალხო დამცველის ამ მოწოდებას დეტალურად გავცნობოდი. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი ჩვენი მხრიდან კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის ნაბიჯია. არანაირი პრობლემა არ არის, ჩვენ თანამშრომლობისთვის ღია ვართ, მათ შორის სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეგვიძლია პირველ მოსმენამდე ის პრობლემური საკითხები, რომელიც პრობლემურად სახალხო დამცველს თუ არასამთავრობო სექტორს მიაჩნია, ერთად გავიაროთ. საბოლოო ჯამში ისეთი პროექტი უნდა მივიღოთ, რომელიც სწორად არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.
თანამშრომლობის, ასევე შენიშვნების და არგუმენტების გაზიარების არანაირი პრობლემა არ გვაქვს და სახალხო დამცველი ახლავე შემიძლია მოვიწვიო, რომ კონკრეტული ნაბიჯები გავიაროთ. ჩვენ კონკრეტულ შემოთავაზებას მოვისმენთ, არგუმენტებსაც გავითვალისწინებთ, შევაჯერებთ და საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ. ეს ისეთი თემა არ არის სადაც ჩვენ პრინციპული წინააღმდეგობა გვაქვს. ვნახავთ როგორ ჯობია, როგორ იქნება გამოხატვის და შეკრებების და მანიფესტაციის თავისუფლებისთვის უკეთესი. ჩვენი ვალიც და სურვილიცაა, რომ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ხალხს და პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვას წაადგება“მ- განაცხადა კილაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუ არგუმენტები დამაჯერებელი იქნება.
„თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ არსებობდეს არგუმენტები იმისა, რომ ჩვენ რაღაც ისე არ გავაკეთეთ როგორც უნდა გაგვეკეთებინა. მთლიანად საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რომ თუ რაღაც არგუმენტები არსებობს იმის, რომ უკეთესი და კონსტიტუციასთან უფრო შესაბამისი პროექტი მივიღოთ, ასეთი უნდა მივიღოთ. ჩვენ თანამშრომლობისთვის ღია ვართ თუ არგუმენტები დამაჯერებელი იქნება”,- განაცხადა კილაძემ.
სახალხო დამცველი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე შენიშვნებს გამოთქვამს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით ადგილი აქვს პირთა ფართო წრის მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტურ აკრძალვას, რაც აუარესებს უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს.