სოფიო ხუნწარია - ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი შემთხვევის ზუსტი მიზეზი მოკვლევის შემდეგ გვეცოდინება
სოფიო ხუნწარია - ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი შემთხვევის ზუსტი მიზეზი მოკვლევის შემდეგ გვეცოდინება

არსებობს სისტემური პრობლემები,  თუმცა მეორე თემაა ინდივიდუალური პასუხიმგებლობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,  ოჯახებში დამონტაჟებულ გაზის გამათბობლებსა და მსგავსი ტიპის დანადგარებს მეტი  ყურადღება უნდა მიექცეს.

„მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს და ასევე სრულიად საქართველოს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. შვიდი ადამიანია გარდაცვლილი. სავარაუდოდ, გარდაცვალება დადგა საღამოს. 112-დან სასწრაფო დახმარების ბრიგადებთან ზარი შევიდა 12:57 სთ-ზე.  ბრიგადა ადგილზე 4 წუთში მივიდა. ექიმებს საკმაოდ მძიმე სურათი დახვდათ – შვიდი გარდაცვლილი მამაკაცი. მიმდინარეობს მოკვლევა და ალბათ, ცოტა ხანში გვეცოდინება უფრო კონკრეტულუ დეტალები. ჩვენი ინფორმაციით, იყო კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი. ჰქონდათ მიღებული გაფრთხილება, ჩაჭრილი იყო გაზი. თქვენ იცით, რომ სისტემური პრობლემები არსებობს. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძალიან აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა უწყებას შორის, თუმცა მეორე თემაა ინდივიდუალური პასუხიმგებლობის თემა და ალბათ ყველამ უნდა მივაქციოთ ჩვენს ოჯახებში დამონტაჟებულ გაზის გამათბობლებს და მსგავსი ტიპის დანადგარებს მეტი ყურადღება. სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით, სხვადასხვა უწყებას შორის კომუნიკაცია საკმაოდ დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს და ვფიქრობ, მალე ყველა უწყება ერთად მიიღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად, გარდაცვლილია შვიდი ადამიანი.  „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, ბინაში ღიაკამერიანი გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.