ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის სამმა მცხოვრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. ამასთან, ათმა პირმა გამოაცხადა შიმშილობა. მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საცხოვრებელი სახლები ინგრევა, კომპანია კი, კომპენსაციის გადახდას არ აპირებს. 10 ოჯახი 85 დღეა, აღნიშნულს აპროტესტებს.
„უკიდურესი პროტესტის მიზეზი გახდა უყურადღებობა და ასე თუ გაგრძელდა, ვაპირებთ, რომ ქალებმაც იგივე ზომებს მივმართოთ. ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ სახლებს გვინგრევენ“, – განაცხადა აქციის მონაწილე თამარ მოსეშვილმა.
კომპანიის განცხადებით, კომპენსაციის დარიგება დაწყებულია, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რადიკალური პროტესტის ფორმებს მიმართავს. „ჯორჯიან მანგანეზში“ ეჭვობენ, რომ ისინი სხვა ძალებისგან არიან მართული.
„ეს პირები არიან რადიკალურად განწყობილი ადამიანები, როლებიც უარს ამბობენ ჩვენთან საუბარზე და აქედან გამომდინარე, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ უკან დგანან გარკვეული ჯგუფები, ვინც მათ ასე რადიკალურად განაწყობს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელმა, დავით სალაძემ.