„ჯორჯიან მანგანეზი“ - კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს
„ჯორჯიან მანგანეზი“ - კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს

კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს, – ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება კომპანიის მთავარი ღირებულებაა.

„„ჯორჯიან მანგანეზის“ არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა. კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ. ​ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებამდე „ჯორჯიან მანგანეზმა“ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და ჭიათურაში დასაქმებულთა ნაწილის ანაზღაურება გაასაჯაროვა.

„გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნის საფუძველზე და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კომპანიამ გადაწყვიტა ჭიათურაში დასაქმებულთა ნაწილის ანაზღაურება გაასაჯაროოს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაფიცულებმა ანაზღაურების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. საუბარია კომპანიაში დასაქმებულ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში. ქვემოთ მოყვანილი მონაცემების მიხედვით, ნათლად ჩანს, თუ რას შეადგენს 2022 წელს საშუალოდ დარიცხული ხელფასები – 3187 ლარი (გაცემულია 01.02.2022 – 01.02.2023). ​აქვე ვაცხადებთ, რომ კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, გასაჯაროებული ინფორმაცია დოკუმენტაციით დაადასტუროს“, – ნათქვამია განცხადებაში.