სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეთანხმება ნაწილობრივ შედგა და გაფიცვას გააგრძელებენ
სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ნაწილობრივ შეთანხმდნენ და გაფიცვას არ შეწყვეტენ. მათი თქმით, გაფიცვას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე დავით სერგეენკოსთან მიღებული შეთანხმება დოკუმენტურად არ გაფორმდება.
საინიციატივო ჯგუფის წევრის, მარიამ ბანძავას თქმით, მინისტრმა დაინახა, რა სირთულეები და გამოწვევებია სოციალური მუშაკების წინაშე.
„ამ ეტაპზე ისევ მიმდინარეობს დავა დამსაქმებელთან. ეს არის სამუშაო რეჟიმი, რაც გულისხმობს სოციალური მუშაკების მხრიდან წარდგენილ რამდენიმე მოთხოვნაზე პასუხს. მათ შორის არის ხელფასები, ტრანსპორტი, სოციალური მუშაკების კადრების, ფსიქოლოგისა და იურისტის დამატება და ყველა სოციალური მომსახურეობის სერვისცენტრის ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
დღევანდელი შეხვედრის შედეგად მივიღეთ ნაწილობრივი თანხმობა ზოგიერთ პუნქტზე. მაგალითად, ყველა სერვისცენტრი 2019 წლის 25 აპრილამდე დაახლოებით 25 ტრანსპორტით აღიჭურვება, თუმცა ასევე ჩვენი მოთხოვნაა, რომ 2020 წლისთვის სერვისცენტრებში იყოს თითო სატრანსპორტო საშუალება. ამასთან, მოთხოვნა, რომ 2019 წლის ბოლომდე ყველა სერვისცენტრს ჰყავდეს ერთი ფსიქოლოგი, ისევ ძალაშია. მინისტრმაც აღიარა, რომ 10 წლის განმავლობაში ამ პრობლემების მიტანა სათანადოდ არ ხდებოდა გადაწყვეტილების მიმღებ პირთან“, – განაცხადა მარიამ ბანძავამ.