“სითი ინსტიტუტის” დირექტორი - ოპოზიციის ყველა კითხვაზე არგუმენტირებული პასუხები გვაქვს
თბილისის გენგეგმაზე მომუშავე კომპანიის “სითი ინსტიტუტის” გენერალური დირექტორი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ყველა კითხვაზე არგუმენტირებული პასუხები აქვთ.
მამუკა სალუქვაძე საკრებულოში გენგეგმასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწვეულ შეხვდრას ესწრება.
მისი თქმით, გენგეგმაში ვადის ამოწურვის შემდგომ სახეცვლილი არც ერთი კონცეპტუალური საკითხი არ იქნება.
„ჩვენი მოსაზრებები პრინციპში გამოთქმულია იმ მასშტაბურ დოკუმენტში, რომელიც საჯაროდაც არის ცნობილი. რაც შეეხება შენიშვნებს, მართალი გითხრათ არ მომისმენია ოპოზიციის შენიშვნები. როცა წინასაარჩევნო კამპანია მიდიოდა, ვინც კენჭს იყრიდნენ მერის პოზიციაზე, ძალიან ბევრი რამ სწორედ ამ დოკუმენტიდან აიღეს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ყველაზე დიდი კვლევა, რაც გაკეთდა თბილისთან დაკავშირებით ჩვენმა ჯგუფმა გააკეთა. ყველა კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი გვაქვს. პრაქტიკულად ყველა სფეროს შევეხეთ ჩვენს დოკუმენტში, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს ქალაქის განვითარებისთვის. რაც უფრო სწრაფად იქნება ეს დოკუმენტი მიღებული, მით უფრო სწრაფად შეჩერდება ის პროცესები, რომელიც ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას ახლავს თან”, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
კითხვაზე, 45 დღის შემდეგ, იქნება თუ არა გენგეგმაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები, სალუქვაძის თქმით, სახეცვლილი არც ერთი კონცეპტუალური საკითხი არ იქნება.
„ახლა მიდის დაზუსტებები, უფრო მეტად დასაბუთებაზე ვსაუბრობთ. გავიარეთ უკვე სატრანსპორტო სამსახურებთან მუშაობა, აქ არაფერ მნიშვნელოვანზე არ არის საუბარი. ეკონომიკურ სამსახურთან კიდევ უფრო იოლი იყო ამ საკითხებზე საუბარი. ახლა არქიტექტურის სამსახურთან გვექნება ხშირი შეხვედრა, რომ ამის დაბოლოება ისე მოხდეს, როგორც არქიტექტურის სამსახურისთვის იქნება მნიშვნელოვანი. შენიშვნებს ვერ დავარქმევ იმას, რაც არქიტექტურის სამსახურისგან იყო წამოსული, უფრო დაზუსტებას და დასაბუთებას დავარქმევდი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ვთანამშრომლობთ კიდეც”, – განაცხადა სალუქვაძემ.