„სითი ინსტიტუტი საქართველოს" წარმომადგენლებმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის საკრებულოს წარუდგინეს
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას საკრებულო სავარაუდოდ, ორ კვირაში დაამტკიცებს. გეგმის საბოლოო ვარიანტი უკვე განიხილა ყველა სამინისტრომ, დღეს კი, „სითი ინსტიტუტი საქართველოს” წარმომადგენლებმა ის დედაქალაქის საკრებულოს წარუდგინეს.
დოკუმენტში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. ბოლო შენიშვნები კი, ძირითადად ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებს უკავშირდებოდა, მაგალითად, როგორ უნდა მოხდეს იმ ტერიტორიების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვა, სადაც მშენებლობები დაუშვებელია.
თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენიშვნები, რომლებიც სრულად არის დოკუმენტში ასახული. მათ შორის, მეწყერსაშიში ზონების რეგულირების, ასევე ჭალაკალაპოტების ზონებთან დაკავშირებით.
„გამწვანების რუკასთან დაკავშირებით იყო გარკვეული შენიშვნები, თუმცა, გაზაფხულზე, გენგეგმაზე მუშაობის შედეგად, გამოიყო ტექსტუალური ნაწილი, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობდა, დაზუსტდა რუკები, ზონები, მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული კერძო და საჯარო ინტერესები საკუთრებებთან მიმართებით.
ზონალობა დაეფუძნა იმას, რომ სამშენებლოდ აღარ განვითარდება მეწყერსაშიში და გეოლოგიურად აქტიური ზონები. გამოიყო საზოგადოებრივი საქმიანი ზონები, რომლებიც მაღალი ინტენსივობით გამოირჩევიან. მნიშვნელოვანია, რომ გენგეგმის დანართში გვაქვს იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელიც სამომავლოდ უნდა განხორციელდეს, რათა გენერალური გეგმა პრაქტიკაში იქნეს განხორციელებული”,- განაცხადა მაია ბითაძემ.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს” წარმომადგენელმა, მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ საბოლოო დოკუმენტში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი არის ასახული.
„მწვანე ლანდშაფტური არეალების ერთიანი სისტემის შექმნა, შვიდი საქალაქო და რაიონული მნიშვნელობის პარკის მშენებლობა, სატრანსპორტო კორიდორებისა და საზოგადოებრივი ტარნსპორტის უპირატესად განვითარება, პარკირების რანჟირება, კომპაქტურობისა და თავისუფალი სივრცეების დაცვა, ყველა ეს საკითხი უკვე ასახულია საბოლოო დოკუმენტში. სამინისტროებთან გვქონდა არაერთი შეხვედრა, ძირითადად ქონებრივ საკითხებზე, თუ როგორ მოხდეს გამოსყიდვა და რა ტერიტორიებია, სადაც განვითარება დაუშვებელია. ასეთი გახლავთ გეოდინამიკური საფრთხეების არეალები, წყალდაცვითი ზონები, მდინარეების კალაპოტები. ძალიან დიდი რაოდენობის სატყეო მიწები აქვს თბილისს ახლანდელი გენგეგმით, ამ ტერიტორიებზე განვითარება დაუშვებელია, ეს შეზღუდვები დარჩება ძალაში”,-განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.