სინგაპური მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქია
სინგაპური მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქია

სინგაპური 2018 წელსაც მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების სათავეში რჩება. სინგაპურს ასეთ შეფასებას ცნობილი ბრიტანული მედია-ჯგუფის „ეკონომისტის“ კვლევითი ორგანო Economist Intelligence Unit-ი უკვე მეხუთედ აძლევს.

Economist Intelligence Unit-ი მსოფლიოს მასშტაბით კეთილდღეობის დონეს ყოველწლიურად აფასებს და სიძვირის ინდექსს ადგენს. ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა და 133 ქვეყანას მოიცავს, მსოფლიოს უძვირესი ქალაქების უმეტესობა წყნარი ოკეანის აზიურ ნაწილსა და ევროპაში მდებარეობს.

უძვირესი ქალაქების ათეულში მეორე ადგილს წელს პარიზი და ციურიხი იყოფენ. ათეულში ასევე შედიან სიდნეი, ოსლო, ჟენევა, კოპენჰანგენი და თელ-ავივი.
სიძვირით ცნობილი იაპონური ქალაქები ტოკიო და ოსაკა კი წელს ამ ათეულში აღარ მოხვდნენ, რასაც, კვლევის ავტორების აზრით, ხელი იაპონიაში დაფიქსირებულმა დაბალმა ინფლაციამ შეუწყო.

ათეულში არ შედის არცერთი ამერიკული ქალაქი, რასაც ანალიტიკოსები დოლარის გაუფასურებით ხსნიან.

ყველაზე იაფ ქალაქებად წელს სირიის და ვენესუელას დედაქალაქები დამასკო და კარაკასი დასახელდნენ.