სილამაზის კონკურსი „მის საქართველო 2017“ გაურკვეველი ვადით გადაიდო – აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მიიღეს. მიზეზი ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარია. სწორედ ეს სასტუმრო მასპინძლობდა კონკურსის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.
კონკურსის ორგანიზატორის ია კიწმარიშვილის განცხადებით, ყველა მონაწილე ხანძარს უვნებელი გადაურჩა.
„მის საქართველო 2017“ 26 ნოემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში უნდა გამართულიყო.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 3 პაციენტი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან, დანარჩენი პირები კი, ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.