სიდა-ს გამგეობამ ზვიად დევდარიანს ორგანიზაციის დირექტორის უფლებამოსილება შეუწყვიტა
სიდა-ს გამგეობამ ერთხმად დააკმაყოფილა ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს.
სიდა-ში აცხადებენ, რომ ორგანიზაციის გამგეობის წევრები სრულად აცნობიერებენ, რომ ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტები, რაც უკავშირდება სიდა-ს ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორს.
სიდა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ორგანიზაციის კორპორაციული პასუსიხმგებლობის მიმართულების მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი დაინიშნა.
„2018 წლის 22 მარტს გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას გამგეობის სხდომა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, გამგეობის წევრებმა აღმასრულებელი დირექტორის შეცვლის საკითხიც განიხილეს. გამგეობამ ერთხმად დააკმაყოფილა ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით და სიდა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა ორგანიზაციის კორპორაციული პასუსიხმგებლობის მიმართულების მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: სოფიკო შუბლაძე (გამგეობის თავმჯდომარე), კონსტანტინე მაღრაძე, ზურაბ ვასაძე, აგიტ მირზოევი და თამარ გერმანაშვილი.
სიდა-ს გამგეობა გმობს სექსუალურ და ნებისმიერი სხვა სახის შევიწროებასა და ძალადობას და შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით. გამგეობის წევრები სრულად აცნობიერებენ, რომ ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტები, რაც უკავშირდება სიდა-ს ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორს.
გამგეობის წევრებმა, ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევებიდან და საზოგადოებაში არსებული კითხვებიდან გამომდინარე, სიდა-ს სამომავლო განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვის საჭიროების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორგანიზაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსის ჩატარებას, რომელშიც გამგეობის წევრებთან ერთად, მხარდამჭერი და პარტნიორი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
გამგეობის წევრების განცხადებით, სიდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, გამოცდილი და ეფექტიანი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურია მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის, საჯარო პოლიტიკის მონიტორინგის, კორპორაციული პასუხისმგებლობის თუ სხვა მიმართულებებით. მას ჰყავს პროფესიონალი და გამოცდილი პერსონალი. შესაბამისად, აუცილებელია ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების და მიმართულებების შენარჩუნება და ტრანზიციის პერიოდის უმტკივნეულოდ გავლა“, – აღნიშნულია სიდა-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი, სიდა-ს დირექტორი ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, რის გამოც, მან კანდიდატურა მოხსნა.