შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის შეუზღუდავ წვდომას
შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის შეუზღუდავ წვდომას

შვეიცარია იზიარებს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებულ შეშფოთებას და მხარს უჭერს აღნიშნულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და სხვა მექანიზმების შეუზღუდავ წვდომას, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვისას,  შვეიცარიის წარმომადგენელმა განაცხადა.

შვეიცარია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, გააძლიერონ ძალისხმევა აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

„შვეიცარია ახორციელებს დამცავი ძალის მანდატს საქართველოსა და რუსეთს შორის და ჩართულია სხვადასხვა დიალოგში როგორც ფასილიტატორი. შვეიცარია დაინტერესებულია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებით, ის მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა პატივისცემას და თანამშრომლობას კონფლიქტის მხარეთა შორის. შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს ადამიანის უფლებათა დაცვისკენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“, – განაცხადა შვეიცარიის წარმომადგენელმა.

აღნიშნული თვალსაზრისით, შვეიცარია მიესალმება 2018 წლის 9 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, სადაც მან გამოხატა კონსტრუქციულ პროცესებში ჩართვის მზაობა მოვლენათა ნეგატიური მოჯადოებული წრიდან გამოსვლის მიზნით.  

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.