ანა გომეში - ჩვენ ვდგავართ და ყოველთვის ვიქნებით საქართველოს გვერდით და იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ოკუპანტია
ანა გომეში - ჩვენ ვდგავართ და ყოველთვის ვიქნებით საქართველოს გვერდით და იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ოკუპანტია

ჩვენ ვდგავართ და ყოველთვის ვიქნებით საქართველოს გვერდით და იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ოკუპანტია და არალეგალურად იკავებს თქვენს ტერიტორიას, – ამის შესახებ პირველ არხთან ევროპარლამენტარმა, ანა გომეშმა განაცხადა.

მისი შეფასებით, რუსეთი არღვევს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, ასევე უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს.

„საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იყო კიდევ ერთი დასტური იმის, რომ სიტუაცია საგანგაშოა და ევროკავშირი უნდა იყოს მაქსიმალურად აქტიური. ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას, არასდროს შევეგუებით მეზობელ სახელმწიფოებზე გავლენის მოპოვების მცდელობას და აგრესიას“, – განაცხდა ანა გომეშმა.

ამასთან, მისი შეფასებით, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებს აღიარება იმის დემონსტრირებაა, რომ „ასადის რეჟიმი პუტინის მარიონეტული რეჟიმია და ასადი ყველა ნაბიჯს რუსეთის მანიპულირების შედეგად დგამს“.

მისი შეფასებით, აღიარების აღნიშნული გადაწყვეტილებაც რუსეთის მანიპულირების შედეგადაა მიღებული.

„ასადის რეჟიმს ლეგიტიმაცია არ აქვს და არაღიარების პოლიტიკაზე ვერ იმოქმედებს. ევროპარლამენტი საქართველოს გვერდითაა. თქვენ მარტო არ ხართ“, – განაცხადა ანა გომეშმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების დროს ევროპარლამენტარები ხმამაღლა იტყვიან, რომ ოკუპაცია მიუღებელია  და უნდა დასრულდეს.

ევროპარლამენტში 12 ივნისს საქართველოს შესახებ დებატებია დანიშნული. პარლამენტში სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. ასევე, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებასაც გეგმავს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს 5 დღიან ომს ეხება. რეზოლუცია კენჭისყრაზე 14 ივნისს გავა.