მიხეილ ჯანელიძე 2018 ბიუჯეტის კანონში ასახული მხარდაჭერისთვის აშშ-ს მადლობას უხდის
მიხეილ ჯანელიძე 2018 ბიუჯეტის კანონში ასახული მხარდაჭერისთვის აშშ-ს მადლობას უხდის

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისკენ გადადგმულ მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს აშშ-ის 2018 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოს მხარდამჭერ პუნქტებსა და გაზრდილ ფინანსურ დახმარებას.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ-ის ბიუჯეტში ჩანაწერი  რუსეთის აგრესიული ქმედებების სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს და  საქართველოს მიერ წარმოებული არაღიარების პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია.

„მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს, ადმინისტრაციას და პრეზიდენტს 2018 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პუნქტების მხარდაჭერისთვის. პირველ რიგში, ეს უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას. საბიუჯეტო კანონში საუბარია საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე, რაც წარმოადგენს რუსეთის აგრესიული ქმედებების სამართლებრივ შეფასებას. 2018 წლის საბიუჯეტო კანონით იკრძალება იმ მთავრობების ნებისმიერი დაფინანსება, რომლებსაც აღიარებული აქვთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები და მათთან დამყარებული აქვთ რაიმე სახის კავშირი, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ბერკეტს ჩვენთვის არაღიარების პოლიტიკის საწარმოებლად“, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის საბიუჯეტო კანონით იზრდება საქართველოსთვის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება, რაც დიდწილად  საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება.

„ეს არის სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – განაცხადა ჯანელიძემ.

2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნებულია. ტექსტის თანახმად, აღნიშნული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აშშ-ის 2018 ფისკალური წლის ბიუჯეტიდან საქართველო 105,325 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რაც 5 მილიონი აშშ დოლარით მეტია გასულ წელთან შედარებით.