შუმახერის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება - პილოტი ემოციური მომენტებისას ტირილს იწყებს
შუმახერის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება - პილოტი ემოციური მომენტებისას ტირილს იწყებს

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, გერმანელი მიხაელ შუმახერის ახლო ნათესავებმა ლეგენდარული პილოტის რეაბილიტაციის პროცესის გარკვეული დეტალები გაამხილეს.

შუმახერმა თავის უმძიმესი ტრავმა 2013 წელს, საფრანგეთში სამთო თხილამურებით სრიალისას მიიღო. მიხაელის აღდგენითი პროცესი, რომელიც მკაცრად გასაიდუმლოებულია, შვეიცარიაში პილოტის სახლში მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ 2015 წელს, შუმახერის ოჯახის ადვოკატები წერდნენ, რომ მიხაელს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, აგრეთვე დაკარგული აქვს მეხსიერება და მეტყველების უნარი.

თუმცა, როგორც ფრანგული Paris Match წერს, ოჯახი ექიმების ჯგუფთან ერთად აგრძელებს მუშაობას პილოტის გამოჯანმრთელებაზე. ისინი ცდილობენ, მის გარშემო ისეთი სიტუაცია შექმნან, რომელიც “შუმის” მეხსიერების დაბრუნებაში დაეხმარება. ნათესავების თქმით, ამგვარ მომენტებზე შუმახერს ემოციური რეაქცია აქვს.

„როცა მას ეტლში ვსვამთ, სახლიდან გამოგვყავს და მთებისა და ტბის პანორამას ვაჩვენებთ, მიხაელი ხანდახან ტირილს იწყებს. მას ცრემლები მოსდის”, – განაცხადა პილოტის ერთ-ერთმა ნათესავმა.

გერმანელი მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს ასევე სააგენტო AP-მ, რომელმაც სცადა გარკვევა, როგორია მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის რეალური მდგომარეობა. გერმანელი, რომელმაც 2013 წლის დეკემბერში, თხილამურებით სრიალისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო, კომიდან გამოიყვანეს, მაგრამ, ამის შემდეგ, მიხაელის ოჯახი და მენეჯმენტი თითქმის არაფერს ამბობს. ასეთ სიტუაციაში, AP-მ კომენტარისთვის მიმართა ავტორიტეტულ ბრიტანელ ნეიროქირურგს კოლინ შიფს, რომელიც არაერთხელ დახმარებია ამგვარი ტრავმის მქონე პაციენტებს.

 

როგორია ახლა მიხაელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ხელთ არსებული მწირი ინფორმაციიდან და ტრავმის ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან ტვინის შეუქცევადი და ძალიან სერიოზული დაზიანება მიიღო. შედეგად, მისი ტვინი არ ფუნქციონირებს ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის. ტრავმის შემდეგ, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მცირეა ალბათობა, რომ რაიმე უკეთესობა იქნება. უკვე თითქმის დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ მისი მდგომარეობა დღევანდელთან შედარებით არ შეიცვლება“ – ამბობს ნეიროქირურგი.

 

როგორია აღდგენის შანსი

„სრულფასოვანი აღდგენის შანსი აბსოლუტურად არ არსებობს. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც და ნევროლოგიაც. ბოლოსდაბოლოს, ტრავმის შემდეგ, საკმაოდ დიდი დრო გავიდა. მან დაკარგა კუნთოვანი ტონუსი – თვალებიც რომ გაეხილა და ლაპარაკი დაეწყო, მოხდა მეხსიერების დაკარგვა და ეს იმოქმედებდა მის საქციელზე. უკვე ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.

თუ ნაწილობრივ აღდგენაზე ვილაპარაკებთ, ასეთად შეიძლება, მივიჩნიოთ თუნდაც უმცირესი პროგრესი. შესაძლოა, ეს პროგრესი მივიდეს იმ მდგომარეობამდე, როცა მას შეეძლება თავისი სურვილების გამოხატვა, “კის” ან “არას” თქმა, ორმარცვლიანი სიტყვების წარმოთქმა, ტელევიზორის პულტით სარგებლობა.

ხანდახან ხდება ისე, რომ ადამიანი, რომელსაც “ნევროლოგიურად ღრმად შეზღუდულს” უწოდებენ, ანუ პრაქტიკულად პარალიზებულია, აგრძელებს თავისი ინტელექტუალური მოღვაწეობის გაკონტროლებას. ასეთ შემთხვევაში, არსებობს ხერხები ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, მაგრამ მსგავსი რამ მიხაელ შუმახერთან მიმართებით რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, ამის შესახებ უკვე გვეცოდინებოდა. ასე რომ, არ მჯერა, რომ მას ამგვარი სიტუაცია აქვს. თითქმის დანამდვილებით ვამბობ, რომ მას არ შეუძლია საკუთარი თავის გამოხატვა ურთიერთობაში. შესაძლოა, მას შეუძლია რაღაც სიგნალის მიცემა, ან მის გვერდზე მყოფისთვის იმის მინიშნება, რომ რაღაც არ მოსწონს. შესაძლოა, მას უხარია, როცა ხედავს თავის შვილებს ან ისმენს მუსიკას, რომელიც ყოველთვის მოსწონდა“, – ამბობს ნევროლოგი.

 

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობა

„ჯანმრთელობის ამერიკულ სისტემაში არ არსებობს შესაძლებლობა, ასეთი ხანგრძლივი დროით გაგრძელდეს სამედიცინო დახმარება უმაღლესი კლასის საავადმყოფოებში. ვფიქრობ, მიხაელ შუმახერის ოჯახს აქვს შესაძლებლობა, ის ამგვარი მკურნალობით უზრუნველყოს. ამიტომაც, მისი მომავალი უფრო ხანგრძლივია, მაგრამ ეს არანაირად არ ახდენს გავლენას ამ მომავლის ხარისხზე.

ჭორები იმის შესახებ, რომ მკურნალობაზე ყოველ კვირა 200 ათასი ევრო იხარჯება, გადამეტებული მეჩვენება. მას შეიძლება ჰყავდეს ძიძა, თერაპევტი, ექიმი, რომელიც ხშირად სტუმრობს. შეიძლება არსებობს დამატებით ორი ადამიანი რაიმე ფიზიკური მოქმედებისთვის, მაგალითად, როცა მისი გადაყვანაა საჭირო, მაგრამ ამგვარი ხარჯი არ ადის 150 ან 200 ევრომდე“, – ამბობს ნევროლოგი.