მიხაელ შუმახერის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა - რატომ აღმოჩნდა ტრავმა ასეთი სერიოზული? რატომ შექმნეს პილოტის ავადმყოფობისგან საიდუმლო? #1TVSPORT
მიხაელ შუმახერის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა - რატომ აღმოჩნდა ტრავმა ასეთი სერიოზული? რატომ შექმნეს პილოტის ავადმყოფობისგან საიდუმლო? #1TVSPORT

ელიტური სპორტის სფეროში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იწვევს ისეთ პატივისცემას, როგორც მიხაელ შუმახერი. ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ბევრს ყველა დროის საუკეთესო პილოტად მიაჩნია. მაგრამ 2013 წლის 29 დეკემბერს, მისი ცხოვრება სწრაფად და უარყოფითად შეიცვალა ტრაგიკული შემთხვევითობის გამო. მაშინ ის ინციდენტი ნაკლებად დასაჯერებელი და სასტიკი ირონია იყო.

მას შემდეგ, ლეგენდარული სპორტსმენი აღარ გამოჩენილა საზოგადოების წინაშე, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქმის აბსოლუტურად გასაიდუმლოებულია.

დღეს, იმ ტრაგიკული დღიდან 10 წლის შემდეგ, და შუმახერის 55-ე დაბადების დღიდან ხუთი დღით ადრე, „ლელო“ იხსენებს სათხილამურო ტრასაზე მომხდარ ინციდენტს, მკურნალობის ეტაპებს, შუმახერის შესახებ ინფორმაციის მოპოვების უკანონო მცდელობებს და მისი ახლობელი ადამიანების მცირე მინიშნებებს გერმანელის ჯანმრთელობის შესახებ.

 

ავარია და მისი შედეგები

ინციდენტი მოხდა ფრანგული ალპების ცნობილ კურორტ მერიბელში.

შუმახერი თავის 14 წლის ვაჟთან მიკთან ერთად გაემგზავრა თხილამურებით სასრიალოდ და თითქოს ერთი ჩვეულებრივი სათხილამურო ექსკურსია კატასტროფაში გადაიზარდა.

მიხაელი კომბ-დე-სოლირის პოპულარული მარშრუტით ეშვებოდა. მან ტრასის მიღმა გადასვლა გადაწყვიტა და სრიალი გააგრძელა გაუკვალავ თოვლში, რომელიც სავსე იყო პატარა ქვებით.

შუმახერი ძალიან გამოცდილი მოთხილამურე გახლდათ. მისი ოსტატობა იმდენად მაღალი იყო, რომ მიხაელის საპატივცემულოდ იტალიის კურორტ მადონა-დო-კამპილიოში ერთ-ერთ ტრასას მისი სახელი უწოდეს.

მაგრამ იმ გაუკვალავ თოვლში, მიუხედავად იმისა, რომ დაღმართი ძალიან დამრეცი არ იყო და დისტანციაც მოკლე იყო, გერმანელს ფარული ხიფათი ელოდა. თოვლმა დაფარა რამდენიმე ლოდი და ეს ტრასა დანაღმულ ველს ჰგავდა.

შუმახერის თხილამურები ერთ-ერთ ასეთ ლოდს გამოედო და ჰაერში ავარდა და თავით მეორე ლოდს დაენარცხა.

დარტყმა დამანგრეველი აღმოჩნდა. შუმახერის ჩაფხუტმა დარტყმის ძალის დიდი ნაწილი შთანთქა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაუძლო – გატყდა და შუმახერს თავი გაუტყდა. ამან თავის ქალის ტრავმა გამოიწვია.

სათხილამურო პატრულები და მაშველი ჯგუფი ვერტმფრენით ინციდენტის ადგილას რამდენიმე წუთში მივიდნენ. მოწმეები ირწმუნებიან, რომ შუმახერი ავარიის შემდეგ გონებაზე იყო, მაგრამ პასუხის გაცემა არ შეეძლო და უაზროდ მოძრაობდა.

მაშველმა ჯგუფმა გააცნობიერა სიტუაციის სერიოზულობა, პილოტი უმოძრაო მდგომარეობაში მოიყვანა და უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანა.

იქედან მიხაელი ვერტმფრენით გრენობლის უნივერსიტეტის ჰოსპიტალურ ცენტრში გადაიყვანეს – ეს არის წამყვანი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აღჭურვილია სპეციალიზებული ნეიროქირურგიული განყოფილებით. იქ გერმანელს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა ტვინზე წნევის შესამცირებლად.

მოგვიანებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შუმახერი ნორმალური სიჩქარით სრიალებდა და ავარიის მომენტში რისკზე არ მიდიოდა. მიუხედავად ამისა, მიჩნეულია, რომ ტრავმა დაამძიმა იმ ავარიამ, რომელიც შუმახერს 2009 წლის თებერვალში შეემთხვა, როცა მოტოციკლიდან გადავარდა და თავისა და კისრის მოტეხილობები მიიღო.

პირველი ოპერაციიდან რამდენიმე საათში პირველი ინფორმაციაც გავრცელდა. გრენობლის საავადმყოფოს მთავარმა ანესთეზიოლოგმა ჟან-ფრანსუა პაიენმა განაცხადა, რომ ყოფილი პილოტი კრიტიკულ სიტუაციაშია და სიცოცხილსთვის იბრძვის.

„არ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, როდის გამოჯანმრთელდება ის. ჯერ არ შეგვიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა მან.

საავადმყოფოსთან გაძლიერებული დაცვა დააყენეს. შუმახერთან მხოლოდ მის ძალიან ახლობელ ადამიანებს უშვებდნენ – ცოლი კორინა, ქალიშვილი ჯინა-მარი, ვაჟი მიკი და ოჯახის ძალიან ახლო მეგობარი, „ფერარის“ ყოფილი შეფი ჟან ტოდტი.

ამასობაში, გრენობლის საავადმყოფოში გამოიძახეს პროფესორი ჟერარ საიანი – თავისა და ზურგის ტვინის ტრავმების ექსპერტი და შუმახერის ახლო მეგობარი. მეორე ოპერაცია მან ჩაატარა პილოტის ტვინის მარცხენა ნაწილში ჰემატომის მოსაშორებლად.

ამ ორი ოპერაციის შემდეგ, შუმახერი კიდევ რამდენიმე კვირა რჩებოდა კრიტიკულ მდგომარეობაში. 2014 წლის აპრილში მიხაელი თანდათან გამოიყვანეს კომატოზური მდგომარეობიდან და ეს პროცესი 2014 წლის ივნისში დასრულდა.

შემდეგ შუმახერი გადაიყვანეს ლოზანას საუნივერსიტეტო კლინიკაში უწყვეტი რეაბილიტაციისთვის, სექტემბერში კი ჟენევის ტბის პირას საკუთარ სახლში გადაიყვანეს.

2018 წელს გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ შუმახერი საიდუმლოდ გადაიყვანეს კუნძულ მალიორკაზე, სადაც მისმა ცოლმა კორინამ სახლი შეიძინა. ეს ამბავი დაადასტურა „ბენეტონში“ შუმახერის ყოფილი ბოსის ფლავიო ბრიატორეს ყოფილმა მეუღლემ ელიზაბეტა გრეგორაჩიმ.

„მაიკლი არ ლაპარაკობს. მხოლოდ თვალებით აქვს ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ისინი ესპანეთში გადავიდნენ და მისმა ცოლმა ამ სახლში საავადმყოფო მოაწყო. მასთან მხოლოდ სამ ადამიანს შეუძლია მისვლა და მე ვიცი ვინ არიან ისინი“, – განაცხადა ტელევიზიით გრეგორაჩიმ.

მაგრამ მისი სიტყვები უარყო შუმახერის ოჯახმა და გამოაცხადა, რომ მიხაელი შვეიცარიაში რჩება.

 

უკიდურესი კონფიდენციალურობა

მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ყოფილი პილოტის მეუღლემ კორინამ ქმრის შესახებ სრული კონფიდენციალურობის დაცვა მოითხოვა და დღემდე იცავს მას. დღემდე იცავენ წესებს შუმახერის უახლოესი ადამიანებიც. მხოლოდ რამდენიმე სანდო ადამიანს აქვს უფლება მოინახულოს გერმანელი ლეგენდა.

თუმცა იყო შუმახერის საიდუმლოდ მონახულებისა და მისთვის ფოტოს გადაღების რამდენიმე მცდელობა. მაგალითად, კატასტროფიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჟურნალისტი სასულიერო პირის ტანსაცმლით შეიმოსა და პალატაში შესვლა სცადა თითქოსდა ტრავმირებული პილოტის დალოცვის მიზნით.

ექვსი თვის შემდეგ იყო მეორე მცდელობა. იმ ვერტმფრენის ეკიპაჟის ხელმძღვანელმა, რომლითაც შუმახერი საფრანგეთიდან შვეიცარიაში გადაიყვანეს, სცადა სამედიცინო ჩანაწერების მოპარვა, რათა შემდეგ დოკუმენტები 50 ათას ევროდ გაეყიდა. ეს ადამიანი დააპატიმრეს და ციურიხის ციხეში ჩასვეს. მეორე დღეს, როცა ის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგარიყო, კამერაში თავი ჩამოიხრჩო.

ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ კინაღამ გაჟონა ინფორმაციამ. ოჯახის „მეგობარმა“ მიიღო შუმახერების სახლში შესვლის უფლება და ფოტო გადაუღო ყოფილ პილოტს. მაშინ წერდნენ, რომ მან თითქოს ერთ მილიონ ევროდ მიჰყიდა ეს ფოტო ერთ-ერთ ევროპულ მედია-ჯგუფს. მაგრამ საქმეში გერმანიის პროკურატურა ჩაერია და განაცხადა, რომ ფოტოს გადაღება და მისი გაყიდვა არის „პირად ცხოვრებაში ჩარევა“ და ეს კანონით ისჯება.

საბოლოოდ, ფოტო არ გამოქვეყნებულა და დღემდე არ არსებობს შუმახერის არც ერთი სურათი ავარიის შემდეგ.

კონფიდენციალურობის ამგვარი მკაცრი კონტროლიდან გამომდინარე, შუმახერის მდგომარეობის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

არც იმის შესახებ იტყობინებიან, რა სამედიცინო პროცედურებს გადის მიხაელი. მაგრამ 2019 წელს გახდა ცნობილი, რომ შუმახერს ჩაუტარდა მკურნალობის კურსი ღეროვანი უჯრედებით, რათა გამოეცოცხლებინათ მისი ნერვული სისტემა. ეს პროცედურა პარიზში ჟორჟ პომპიდუს ევროპულ საავადმყოფოში ჩატარდა. მკურნალობის შემდეგ, რაზეც გაზეთმა Le Parisien-მა დაწერა, სამედიცინო პერსონალმა განაცხადა, რომ შუმახერი გონებაზე იყო, მაგრამ სხვა დეტალები არ გაამხილა.

* * *

შუმახერის მდგომარეობის შესახებ გარკვეული წარმოდგენის შექმნა შესაძლებელია სწორედ იმ ახლობელი ადამიანების სიტყვებით, რომლებსაც შეუძლიათ მიხაელის მონახულება და მასთან ურთიერთობა.

კორინა შუმახერი: „მე ყოველდღე მენატრება მაიკლი, თუმცა ის აქ არის. სხვანაირი, მაგრამ აქაა. ის დღემდე მიჩვენებს, რამდენად ძლიერია“.

ჟან ტოდტი: „მაიკლს ხშირად ვხედავ – თვეში ერთხელ ან ორჯერ. როცა მეკითხებიან, როგორ გრძნობს თავს, ჩემი პასუხი ერთი და იგივეა – ის იბრძვის“… „რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრობა ისეთი ვერ იქნება, როგორც ადრე, უბრალოდ იმიტომ, რომ უკვე აღარ არის ისეთი ურთიერთობა, როგორიც წინა წლებში გვქონდა“… „ახლა, მისი ცხოვრება შეიცვალა და მე მაქვს პატივი, გავიზიარო მასთან ერთად გარკვეული მომენტები. სამწუხაროდ, მას ბედმა უმუხთლა. ის აღარ არის ის მიხაელი, რომელსაც ფორმულა 1-ში ვიცნობდით“.

მიკ შუმახერი: „ვისურვებდი მამაჩემთან ჩემს კარიერაზე ლაპარაკს. ამისთვის ყველაფერს გავიღებდი“.

რალფ შუმახერი: „მენატრება ძველი მიხაელი. მას ხშირად უმართლებდა ცხოვრებაში, მაგრამ მოხდა ეს ტრაგიკული ინციდენტი. საბედნიეროდ, მედიცინაში ახალი შესაძლებლობები რაღაცის გაკეთების საშუალებას იძლევა, მაგრამმაინც ყველაფერი ისე არ არის, როგორც ადრე“.

ეს ისტორია ოპტიმისტურად უნდა დავასრულოთ და ამისთვის ისევ ჟან ტოდტის სიტყვები უნდა მივიყვანოთ: „,მე იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ისევ იხილავს მას. სწორედ ამაზე მუშაობენ ის და მისი ოჯახი“.