საფეხბურთო ტაიმაუტი | ვასილ მაისურაძე - ელიტრაუნდში ჩვენს ფეხბურთელებს სათამაშო ინტენსივობა დააკლდათ, მაგრამ ამაში ვერც გავამტყუნებ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვასილ მაისურაძე - ელიტრაუნდში ჩვენს ფეხბურთელებს სათამაშო ინტენსივობა დააკლდათ, მაგრამ ამაში ვერც გავამტყუნებ #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა და სფფ-ის მწვრთნელთა განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვასილ მაისურაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ელიტრაუნდში გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა და ახალგაზრდა ფეხბურთელების პრობლემებიც ახსენა.

„ელიტრაუნდი რთული სათამაშოა, რადგან ევროპის შვიდ საუკეთესო გუნდს შორის უნდა მოხვდე. ტურნირს იტალიამ უმასპინძლა. ჩეხეთთან დასანანი მატჩი წავაგეთ, შოტლანდიას 3:2 მოვუგეთ.  იტალიასთან მატჩს რაც შეეხება, უნდა ვთქვათ, რომ ძალები აღარ გვეყო და მეტოქე ძალიან წინ არის. რამდენიმე ფეხბურთელი სერია A-ს გუნდშია – „მილანში“, ასევე მიუნჰენგლადბახის „ბორუსიაში“. ასე რომ, მაღალი კლასი აქვთ.

ჩვენს ფეხბურთელებს არ ჰქონდათ ის სათამაშო ინტენსივობა, რაც ასეთი დონის ტურნირებზეა საჭირო და რაც მათ მოთამაშეებს ჰქონდათ. ამაში ვერც გავამტყუნებ. ჩვენები ეროვნულ ლიგაშიც არ თამაშობენ, მაგალითად, იტალიელი კი სერია A-ში გამოდის და მათი ინტენსივობა ერთნაირი ვერ იქნება. ეროვნულ ჩემპიონატში ჩვენი ასაკობრივი ნაკრების წევრებს არ ეძლევათ სასურველი დოზით თამაშის საშუალება და ეს ჩვენი გულისტკივილია. მათ მეტად უნდა ვენდოთ და მეტი ასპარეზი მივცეთ, თუ გვინდა, რომ ამ დონის თამაშებში წარმატებას მივაღწიოთ – მცირე სათამაშო დრო მაინც უნდა ჰქონდეთ. ეს ფეხბურთელები კლუბების აქტივია. ამიტომ მათთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, რომ 17 და 19-წლამდე ნაკრებების წევრებს რაც შეიძლება მეტი ასპარეზი ჰქონდეთ, ვიდრე მოყვანილ ფეხბურთელებს.

ჩვენს ნაკრებში პრაქტიკა მხოლოდ აკაკი გიუნაშვილს ჰქონდა, რომელიც „კოლხეთში“ თამაშობს. დანარჩენები ახლა დააწინაურეს, მაგრამ ელიტრაუნდამდე გამოცდილება არ ჰქონდათ. თუმცა 18-19 წლის ასაკში უცხოეთში გასვლას არავის ვურჩევ – მათთვის ჯობს, ჯერ ეროვნულ ლიგაში ითამაშონ და ევროპულ არენაზე უფრო გამოცდილები გავიდნენ“, – განაცხადა ვასილ მაისურაძემ.