მიხაელ შუმახერის ყოფილმა მენეჯერმა ლეგენდარული პილოტის ოჯახს ტყუილების შეწყვეტისკენ მოუწოდა #1TVSPORT
მიხაელ შუმახერის ყოფილმა მენეჯერმა ლეგენდარული პილოტის ოჯახს ტყუილების შეწყვეტისკენ მოუწოდა #1TVSPORT

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ყოფილმა მენეჯერმა ვილი ვებერმა მოუწოდა გერმანელი პილოტის ოჯახს – შეწყვიტონ ტყუილები ლეგენდარული ავტომრბოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„ტკივილს განვიცდი იმის გამო, რაც ახლა ხდება. მიხაელის ცოლთან, კორინასთან დაკავშირების ასობით მცდელობა მქონდა, მაგრამ ის არ მპასუხობს. დავურეკე ჟან ტოდტს და ვკითხე მას – შემეძლო თუ არა მიხაელის მონახულება ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის საავადმყოფოში იმყოფებოდა, მაგრამ მან ჯერ მოცდა მთხოვა, შემდეგ ჩემს ზარებს აღარ პასუხობდა. არ ველოდი ჩემს მიმართ ასეთ დამოკიდებულებას და ჯერაც ვბრაზობ მასზე.

მე, უბრალოდ, თავიდან მომიშორეს, როცა მითხრეს, რომ მიხაელის მონახულება ჯერ ადრე იყო. ახლა კი, შესაძლოა, უკვე ძალიან გვიანია. ცხრა წელი გავიდა და ხომ არ მოვიდა იმის დრო, რომ მათ გაამხილონ, როგორ არის საქმეები?

ყოველთვის ვცდილობდი მიხაელის პირადი ცხოვრება დამეცვა უცხო ადამიანების ყურადღებისგან, მაგრამ უკვე ცხრა წელია მისი ოჯახისგან მხოლოდ ტყუილს ვისმენთ.

დღესაც კი ვცდილობ თვალი მივადევნო იმას, რაც მის ოჯახში ხდება. ის ჩემთვის შვილივით იყო და ჯერაც ტკივილის გრძნობით ვფიქრობ მასზე“, – განუცხადა ვებერმა გაზეთ Gazzetta dello Sport-ს.

მიხაელ შუმახერმა 2013 წლის დეკემბერში თხილამურებით სრიალისას თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.