Daily Mail-ის ინფორმაციით, მიხაელ შუმახერმა ჯანმრთელობის მხრივ გარკვეულ პროგრესს მიაღწია #1TVSPORT
მიხაელ შუმახერი, შესაძლოა, აღარ იყოს საწოლს მიჯაჭვული. ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მძიმე სათხილამურო ავარიიდან თორმეტ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, ჯანმრთელობის მხრივ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ, ოჯახთან დაახლოებული წყაროების ცნობით, გერმანელს უკვე შეუძლია ეტლით გადაადგილება.
ჟურნალისტი ჯონათან მაკევოი შუმახერის საცხოვრებელ სახლში, ლას ბრიზასში, ანდრატხთან ახლოს (მალიორკა) იმყოფებოდა და წერს, რომ ყოფილი პილოტი ეტლით გადაადგილდებოდა. შუმახერი კვლავ 24-საათიან სამედიცინო მეთვალყურეობას ექვემდებარება – პროცესს მისი მეუღლე კორინა და სპეციალიზებული სამედიცინო ჯგუფი აკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი კომუნიკაციის უნარი მნიშვნელოვნად შეზღუდულია, გავრცელებული ინფორმაციით, გარემოს ნაწილობრივ აღიქვამს.
The Sun-ის ცნობით, შუმახერი ავარიის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა, ხოლო მისი კომუნიკაციის შესაძლებლობები, შესაძლოა, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მარტივი ჟესტებით, მაგალითად, თვალის დახამხამებით, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
2013 წლის 29 დეკემბერს, მიხაელ შუმახერი საფრანგეთის კურორტ მერიბელში შვილთან, მიკთან ერთად დასვენების დროს სათხილამურო ავარიაში მოყვა. თავის ტვინის მძიმე ტრავმის შედეგად შუმახერი კომაში ჩავარდა და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
2014 წელს, გაღვიძების შემდეგ ის თავდაპირველად ლოზანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი – შვეიცარიაში, გლანდში მდებარე საკუთარ სახლში.